კახა კალაძე: ლარის კურსის დევალვაციის გამო, ბევრი კომპანია ზარალზე გავიდა

დადებითი და მისასალმებელია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის გაზრდილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.

"დადებითი და მისასალმებელია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის გაზრდილი. ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ უცხოურ ინვესტიციებს", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება ენერგეტიკის მიმართულებას, ვიცე-პრემიერის თქმით, მას დეტალებზე საუბარი გაუჭირდება, რადგანაც სიღრმისეული ანალიზის გაკეთებაა საჭირო.

"მთავარია ის, რომ არც ერთი ინვესტორი არ გასულა ქვეყნიდან ენერგეტიკის მიმართულებით. ყველა პროექტი ჩვეულებრივად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ხორციელდება. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ბოლო კვარტლის განმავლობაში თანხების შემოდინების შეფერხება გარკვეულწილად დამოკიდებული იყო ლარის დევალვაციაზე, რადგან გარკვეულ კომპანიებს გაეზარდათ ხარჯი. ვფიქრობ, რომ ლარის კურსის დევალვაციის გამო ბევრი კომპანია ზარალზეც გავიდა", - განაცხადა კალაძემ.