ფინანსთა სამინისტრომ განახლებული ფინანსური პარამეტრები უნდა წარადგინოს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახლებული მაკროეკონომიკური და ფინანსური პარამეტრები მთავრობას 1-ელ აპრილამდე უნდა წარუდგინოს.

სწორედ ეს თარიღია განსაზღვრული "საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებით. დოკუმენტი 2015-2016 წლებში საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს ეხება. კერძოდ, სამინისტროებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატებს და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ იმ მხარჯავ დაწესებულებებს, რომლებიც მთავრობას ექვემდებარებიან, დაევალათ, ადმინისტრაციული ხარჯებისა და ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული რესურსის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს 16 მარტამდე წარუდგინონ ინფორმაცია; ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისთვის სათანადო ღონისძიებები უნდა გაატარონ ასევე მათ კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ-ებმა და გამოთავისუფლებული რესურსისა და თავისუფალი ნაშთის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს 23 მარტამდე მიაწოდონ.

იგივე ღონისძიებების გატარება და ასევე, 23 მარტამდე ფინანსთა სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება ეთხოვათ სხვა სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებსაც, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ კი, 1 აპრილამდე ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები უნდა წარუდგინოს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის პრინციპები გათვალისწინებულ უნდა იქნას 2016 და 2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვის დროსაც. მთავრობის განკარგულების თანახმად გათვალისწინებულია, 2016 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების შემუშავებისას უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების არანაკლებ 20%-ის გათვალისწინება საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

ბიუჯეტის კორექტირება დღის წესრიგში არსებული სავალუტო კრიზისიდან გამომდინარე დადგა. პრემიერ-მინისტრის ვარაუდით, წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2% იქნება.