ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებსა და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი მოწოდებით, მთავრობის თავმჯდომარემ მერებს, გამგებლებსა და გუბერნატორებს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე მიმართა. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის თითოული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს დღევანდელი მთავრობის მიზანი სწორედ ადამიანზე ზრუნვაა. "ჩვენ უკვე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ რეგიონებში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ადამიანია. ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. მინდა, რომ ეს იყოს მთავარი გზავნილი დღევანდელი შეხვედრის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.