მიკროავტობუსის მძღოლებს დღიური გეგმური გადასახადი გაეზარდათ

მიკროავტობუსის მძღოლებს დღიური გეგმური გადასახადი გაეზარდათ.

როგორც მძღოლები აცხადებენ, შპს "თბილისის მიკროავტობუსმა" გადასახადის გაზრდის მიზეზად დოლარის კურსის ზრდა და ბენზინის გაიაფება დაასახელა. მიკროავტობუსის მძღოლების ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობაში გეგმური გადასახადი 3-ჯერ გაეზარდათ. "როგორც კი მუშაობა გაუმჯობესდება, გეგმას გვიმატებენ. უარი ვუთხარი დამატებული საფასურის გადახდაზე, მაგრამ როდესაც ავტოპარკში მივედი, გეგმური მაინც გაძვირებული დამხვდა. არ ვიცი, ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვის მივმართო", - აცხადებს ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი.

შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელი, დავით ასანიძე მძღოლებისთვის გეგმური გადასახადის გაზრდას ადასტურებს. "როდესაც გეგმური გადასახადი დავუწესეთ მძღოლებს, ნაანგარიშევი გვქონდა, რომ საწვავში იხდიდნენ 2 ლარსა და 10 თეთრს, 30 ლიტრი გამრავლებული 2 ლარსა და 10 თეთრზე არის 63 ლარი. დღეს უკვე საწვავი, რომელიც ჩვენივე ბენზინგასამართ სადგურებზე, ავტოფარეხში 1 ლარი და 59 თეთრი ღირს, რომ გავამრავლოთ 30 ლიტრზე, 47 ლარი და 70 თეთრი, ამას რომ გამოვაკლოთ 63 ლარი, ვნახავთ, რომ მძღოლებს 15 ლარზე მეტი გამოსდით ეკონომია. ამ 15 ლარიდან, ვეუბნებით, რომ 12 ლარი სიკეთეში მოგახმაროთ ღმერთმა, თქვენი იყოს, მაგრამ 3 ლარი მოგვეცით, რომ კომპანიამ შეძლოს ბანკის წინაშე გაზრდილი ვალდებულებების შესრულება. რა არის ამაში ცუდი და რა არის მიუღებელი? დოლარის კურსის ცვლილებით კომპანიას გაცილებით მეტი ზიანი მოგვადგა, ვიდრე ამ 3 ლარს შეუძლია დააკომპენსიროს", - აცხადებს ასანიძე. მისივე თქმით, კომპანიას 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტში 28 მილიონი ლარი აქვს შეტანილი.

რაც შეეხება შეკითხვას, საწვავის ფასის კლების გამო, მოხდება თუ არა სამგზავრო ტარიფების დაწევა, "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფასების კლება არ იგეგმება.

იხილეთ სიუჟეტი