გიორგი ქადაგიძე: სავალუტო რეზერვის ხარჯვა არის ყოვლად არასწორი, დანაშაულებრივი ქმედება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არის არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიული.

ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. "ძალიან მოკლედ შევეცდები პასუხი გავცე ყველა კითხვას, რომელიც ეროვნული ბანკის ქმედებებთან დაკავშირებით გაისმის ბოლო კვირების განმავლობაში.

როგორც უკვე ითქვა, წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო სავალუტო შემოდინებებმა შემცირება გამოსახული ექსპორტის, გზავნილების და რიგ შემთხვევაში ტურიზმის კლებაში. ამან გამოწვია ლარის კურსის გაუფასურება და მივიღეთ ის შედეგი, რისი მოწმეებიც გავხდით.

ამ დროს პირველი მთავარი საკითხი, არის თუ არა გამოსავალი სავალუტო რეზერვების ხარჯვა? მოგეხსენებათ, რომ სავალუტო რეზერვი არის ის თანხა, რომელიც არის გარანტი ფინანსური სტაბილურობის ამ ქვეყანაში. სავალუტო რეზერვების აკუმულირება და სწორი მართვა არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ დროს სავალუტო რეზერვის ხარჯვა არის ყოვლად არასწორი, მიუღებელი, დანაშაულებრივი ქმედება ესეც ვიტყოდი, ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არის არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპოდუქტიული", -განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი დადასტურებულია რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე. "ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ჩვენი რეგიონის ბევრს სხვა ქვეყანაში, ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებში განხორციელდა სავალუტო რეზერვების ხარჯვა. ზოგ შემთხვევაში მესამედით, 40%-ით, მაგრამ ამან ვერ უშველა ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებას და საბოლოო ჯამში ეს ქვეყნები დარჩნენ ნაკლებად დაცული და უფრო მეტად მგრძნობიარე კრიზისებისადმი", - განაცხადა ქადაგიძემ.