ინვესტორების ნაწილი, შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს

ინვესტორების ნაწილი, შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს.

გადასახადების შესაძლო ლიბერალიზაციაზე განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. "გადასახადების ლიბერალიზაციას რაც შეეხება, საუბარი გვაქვს მოგების გადასახადის გაუქმებაზე, უფრო სწორად, საუბარი არის რეინვესტიციის შემთხვევაში გადასახადის გაუქმებაზე და დივიდენდის დაბეგვრაზე, თუმცა, კონკრეტულ ფორმებზე, თუ როგორ მოხდება ეს, რა რაოდენობით და რა პერიოდში გაიწერება, ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს თანხა არის 700-800 მილიონი ლარი ბიუჯეტში, თუმცა ეს თანდათანობით მოხდება თუ ერთაბაშად, ჯერჯერობით უცნობია. კვირიკაშვილის განცხადებით, ამას ძალიან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ეფექტიც ექნება, რაც ბიზნესის მნიშვნელოვნად გათავისუფლებას გამოიწვევს, ვინაიდან საგადასახადო შემოწმებების უდიდესი ნაწილი სწორედ მოგების გადასახადის დათვლის სისწორეს უკავშირდება.