ნოდარ ხადური: Moody's-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.5% იქნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა, მიუხედავად რეგიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, საქართველოსთვის უცვლელი დატოვა რეიტინგი (BB -) და პერსპექტივა კვლავ პოზიტიური მიანიჭა. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა დაზუსტებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ გასულ წელს დაახლოებით 40%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 1 272 000 000 ლარი შეადგინა. ამ ფონზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა გამოაქვეყნა საქართველოს სუვერენული რეიტინგი. ძალიან პოზიტიური ფაქტია ის, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, სარეიტინგო კომპანიამ საქართველოსთვის უცვლელი დატოვა რეიტინგი (BB -) და პერსპექტივა კვლავ პოზიტიური მიანიჭა. ამასთან აღსანიშნავია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე Moody's-ის შეფასებით საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.5% იქნება", -განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ამის განმსაზღვრელ ფაქტორებად Moody's-მა დაასახელა: საქართველოში მყარი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და პერსპექტივა; პროგრესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების განვითარებაში; ქმედითუნარიანი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. ხადურის განცხადებით, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია:

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება და აქედან გამომდინარე ევროსტანდარტებთან დაახლოება იქნება დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის;

ანგარიშში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა დაბალია და საკმაოდ შეღავათიანი მომსახურების პირობებით გამოირჩევა.

DSFTA არის საკმაოდ დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყანაში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ამასთან საექსპორტო პოტენციალის განვითარების კარგ პერსპექტივას სახავს, რაც საშუალო ვადიან პერიოდში საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

"ანგარიშში ასევე მოცემულია განმარტება იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება გააუარესოს საქართველოს რეიტინგი: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს პოზიტიური პერსპექტივა, ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის რეიტინგის შემცირება. თუმცა პერსპექტივის შეცვლაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგარეო მოწყვლადობამ ან გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ, რაც გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და საგარეო პოზიციაზე", -განაცხადა ხადურმა.

მინისტრმა ასევე ჩამოთვალაMoody's-ს რეიტინგები მეზობელი და სხვა ქვეყნებისთვის. რუსეთი - (Bა1/Negative) - გაუარესებულია; აზერბაიჯანი (Baa3/Stable) - ჯერ არ გამოქვეყნებულა; სომხეთი- (Ba3/Negative) - გაუარესებულია; მოლდოვა (B3/Stable) - ჯერ არ გამოქვეყნებულა; უკრაინა (Caa3/Negative) – გაუარესებულია.