პროდუქტების გაძვირება ისევ გრძელდება

მარკეტებში ფასი ადგილობრივ პროდუქციაზეც გაიზარდა

აშშ დოლართან ლარის გაუფასურების ტენდენციის პარალელურად, მარკეტებში პროდუქტის გაძვირება ისევ გრძელდება. bpn.ge-მ რამდენიმე სურსათის მაღაზია გამოკითხა, რათა გაერკვია, რამდენად შეიცვალა ფასები მარტის თვეში თებერვალთან შედარებით.

მაგალითად, ერთ-ერთ მარკეტში ზეთი "ავედოვი" 3.80 ლარი ღირს. მარკეტის მფლობელი ამბობს, რომ ამ ბრენდის ზეთის შეძენა თებერვალში 2.5 ლარად იყო შესაძლებელი. მარკეტებში ფასი ადგილობრივ პროდუქციაზეც გაიზარდა. კომპანია "აგარას" მიერ წარმოებული 1კგ შაქარი თებერვალში 1.45 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 1.60 ლარია. ფასის მატება ”კოკა-კოლასაც” შეეხო. 2 ლიტრიანი ”კოკა-კოლა” თებერვალში 2.4 ლარი ღირდა. მარტში მისი შეძენა 2.7 ლარად არის შესაძლებელი.

1 მარტიდან ალკოჰოლური სასმელებიც გაძვირდა. 500 მლ ”ნემიროვის” ბრენდის არაყი თებერვალში 11 ლარი ღირდა, ახლა მისი შეძენა 14 ლარად არის შესაძლებელი. ფასები გაიზარდა იმპორტირებულ სარეცხ საშუალებებზეც. მაგალითად, "ფეირი" 20 თეთრით გაძვირდა. ჭურჭლის სარეცხის ფასი თებერვალში 2.6 ლარი იყო, მარტში ის 2.8 ლარი ღირს. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ფასის მატება პურსაც შეეხო. "პური და ფქვილიც გაძვირდა. მართალია, 10 თეთრით, მაგრამ პური ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ვფიქრობ, რომ პურზე ფასის მომატება საგანგაშოა".

თიკო გურაშვილი