"ფინანსთა სამინისტრო ხარჯების დაზოგვასთან დაკავშირებით მიღებულ მონაცემებზე მუშაობს"

ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა უწყებისგან ხარჯების დაზოგვასთან დაკავშირებით მიღებულ მონაცემებზე მუშაობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს გუშინ, ახალციხეში განუცხადა.

"დასრულდა სამინისტროებისგან ინფორმაციების მიღება, მიმდინარეობს მუშაობა ამ მონაცემებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარიანტი, გვაქვს სამინისტროების ვარიანტი, ვაგრძელებთ კომუნიკაციას. როგორც კი დავთვლით ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გეტყვით. ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ სოციალურ პროექტებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შემცირება არ შეეხება. ამ წუთის მდგომარეობით, მხოლოდ მარტში 300 მილიონ ლარზე მეტი გადასახადებიდან არის მობილიზებული. ასე რომ, ჩვენ ამასაც ვაკვირდებით, როგორი იქნება შემოსავლების დინამიკა და მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ძალიან ბევრ რამეში დაზოგავს თანხებს.