გაიაფებული ნავთობის გამო, რუსეთი მიმდინარე წელს 135 მილიარდ დოლარს დაკარგავს

ოპეკ-ის მარტის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში დაახლოებით 60 ათასი ბარელით შემცირდება.

ნავთობის მწარმოებელი ექსპორტიორი ქვეყნების (ოპეკ) პროგნოზით, გაიაფებული ნავთობის გამო რუსეთი მიმდინარე წელს 135 მილიარდ დოლარს დაკარგავს. ოპეკ-ის მარტის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში დაახლოებით 60 ათასი ბარელით შემცირდება. ოპეკ-ის ექსპერტთა განცხადებით, ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება რუსეთში 10,51 მილიონ ბარელამდე შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, რუსეთში ნავთობის მოპოვების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის, ამერიკისა და სხვა სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები იქნება. ექსპერტთა განცხადებით, ნავთობის შეოსავლების შემცირება რუსეთის მშპ-ს შემცირებას გამოიწვევს.

ოპეკ-ში ასევე ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს ნავთობის მოპოვება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც შემცირდება, მათ შორის ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. ოპეკ-ის მონაცემებით, დღე-ღამეში 850 ათასი ბარელით გაიზრდება ნავთობის მოპოვება ოპეკ-ის არაწევრ სახელმწიფოებში.