მშენებარე ობიექტები კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდისგანაც თავისუფლდებიან

სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადამხდელი მშენებარე ობიექტები, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, კ2 კოეფიციენტის გადახდისგან თავისუფლდებიან.

აღნიშნული საგადასახადო შეღავათის პირობას 2018 წლის 1 იანვრამდე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს. პარლამენტს განსახილველად "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" კანონში განსახორციელებელი შესაბამისი ცვლილებები უკვე წარედგინა. პროექტის მიხედვით, "მშენებარე ობიექტებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით და გაცემულია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიღებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელები სრულად თავისუფლდებიან მოსაკრებლის გადახდისაგან იმ პირობით, თუ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდება 2018 წლის 1 იანვრამდე". გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილია მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეჩერებული სამშენებლო ობიექტების გარკვეული პირობებით დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

კერძოდ, პროექტის თანახმად, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელებული უძრავის ქონების მიწოდება და ასევე სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება. აღნიშნული შეღავათი კი იმ ობიექტებს შეეხება, რომელზეც მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტომდეა გაცემული.

ამასთან, პროექტის თანახმად, აღნიშნული საგადასახადო შეღავათის პირობა ასეთი სამშენებლო ობიექტების 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ექსპულტაციაში შესვლაა. 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ობიექტების ნუსხას მუნიციპალიტეტები განსაზღვრავს.