კერძო სკოლების ნაწილი სწავლის საფასურს აძვირებს

"მომავალი სასწავლო წლიდან სწავლის საფასური ჯამში 300 ლარით, ზოგიერთში კი 500 ლარით გაიზრდება"

დოლარის კურსის ცვლილებამ კერძო სკოლებზეც იმოქმედა. კერძო სკოლების ნაწილმა ხელშეკრულების გადახედვა და სწავლის საფასურის გაძვირება გადაწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, ზოგიერთ კერძო სკოლაში მომავალი სასწავლო წლიდან სწავლის საფასური ჯამში 300 ლარით, ზოგიერთში კი 500 ლარით გაიზრდება. თუმცა ეს ტენდენცია ყველა კერძო სკოლაში არ შეინიშნება. bpn.ge ამ თემით დაინტერესდა და რამდენიმე კერძო სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. "მარი ბროსეს" ფრანგულ სკოლაში მშობლები შვილის განათლების სანაცვლოდ ყოველწლიურად 3000 ლარს იხდიან. მომავალი წლიდან კი სწავლის საფასური 500 ლარით გაუძვირდებათ. სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მიზეზი ლარის გაუფასურებაა.

"თუ სწავლის საფასურს არ გავზრდით, რამდენიმე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით - მასწავლებლები არსებულ ხელფასზე აღარ იმუშავებენ, გაგვიძვირდება კვება, გათბობა, ასევე სასკოლო პროცესის წარმართვის ხარჯები", - ამბობს ვაჟა ცხოვრებაშვილი, "მარი ბროსეს ფრანგული სკოლის" დირექტორი.

ლარის კურსის ცვლილების ვარდნამ სწავლის საფასურის გადახედვა აიძულა სკოლა-ლიცეუმ "მწიგნობართუხუცესსაც". მართალია, ლიცეუმში გადაწყვეტილება საბოლოოდ ჯერ არ მიუღიათ, თუმცა შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს უკვე აცნობა. სკოლაში ამჟამად 1 200 ბავშვი სწავლობს და ყოველწლიური გადასახადი 4000 ლარს შეადგენს. "თუ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ მნიშვნელოვნად გამყარდება, სწავლის საფასურის გადასახადში ცვლილებებს არ შევიტანთ. მაგრამ თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს, სწავლის საფასურის შეცვლა და წლიური გადასახადის 300 ლარით გაზრდა მოგვიწევს ან იმდენით, რამდენიც ინფლაციურ პროცესს დააბალანსებს", - გვითხრეს "მწიგნობართუხუცესის" ადმინისტრაციაში.

თუმცა, ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად, ზოგიერთი კერძო სკოლა სწავლის საფასურში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს. "წმ.ნიკოლოზის" სახელობის სკოლაში აცხადებენ, რომ სწავლის საფასურის გაზრდას არ აპირებენ. გაძვირდება თუ არა სწავლა სხვა კერძო სკოლებში? -  როგორც ზოგიერთი მათგანის ხელმძღვანელობამ გვითხრა, ეს ლარის კურსის სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული.

თიკო გურაშვილი