დაუწესდება თუ არა რეგულაციები ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს?

"არსად ცივილიზებულ მსოფლიოში არ ხდება სესხის გაცემა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით"

სოციალურ ქსელებში მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფმა ონლაინ სესხების საწინააღმდეგო სოციალური კამპანია - "არა ონლაინ სესხებს" დაიწყო. კამპანიის წევრებმა შეიმუშავეს პეტიცია, რომლითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, "გაუქმდეს კაბალური პირობების მქონე ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში!" კამპანიის ინიციატორები ამ ეტაპზე საკუთარი ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ, თუმცა ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ აუცილებელია აღნიშნულ მიკროსაფინანსოებს რეგულაციები დაუწესდეთ და ყველას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება, სესხის გაცემა არ შეეძლოს.

"არანაირი რეგულაცია არ არის დაწესებული. ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ყველანაირი რეგულაციის გარეშე აწესებენ პროცენტს საკუთარი სურვილის მიხედვით, ზედა ზღვარი კი არ არსებობს. ჩვენ ხელმოწერებს გადავუგზავნით პარლამენტსაც. ველოდებით ეროვნული ბანკისგან პასუხს", - აცხადებენ კამპანიის ინიციატორები. ეროვნული ბანკი კი ამ დროისთვის მოქალაქეთა ჯგუფის მოთხოვნაზე კომენტარს არ აკეთებს.

bpn.ge უშუალოდ დაინტერესდა, თუ რა პირობებს სთავაზობენ ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები კლიენტებს. ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები საქართველოში 2013 წლიდან მომრავლდა და დღეისთვის საქართველოში ასეთი კომპანიების რაოდენობა უკვე 10-ს სცდება. ონლაინ სესხების გამცემ კომპანია "ილოუნში" (ელოან.გე) პირველ ჯერზე სესხად მაქსიმუმ 200 ლარი გაიცემა, რისი დაფარვის მაქსიმალური ვადა 30 დღე არის. თუ კლიენტს 200-ლარიანი სესხის ერთ თვეში დაფარვა უნდა, მაშინ 230 ლარი უნდა გადაიხადოს, თუმცა ნაკლებ პერიოდში გადახდის შემთხვევაში (ოღონდ სესხის აღების პროცესში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული დრო, თუ რამდენ დღეში დაფარავს) პროცენტი ნაკლებია.

ყველა კომპანიაში მოქმედებს გადავადების სისტემა. ანუ, თუ მსესხებელი სესხს ვერ იხდის დათქმულ ვადაში, ამ შემთხვევაში მას შეუძლია გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში გადაავადოს სესხი ვთქვათ ორი კვირით და ამ პერიოდში ჯარიმა არ დაეკისრება. თუმცა, გადავადების თანხა, რომელიც ყველა კომპანიაში საკმაოდ მაღალია, სესხის თანხას არ აკლდება. ასევე ინდივიდუალურია ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯარიმის პროცენტიც. ყველა ეს მონაცემი ყველაზე პოპულარულ მიკროსაფინანსო კომპანიებში ასე გამოიყურება: ილოუნ - პირველად სესხად გაიცემა 150-200 ლარი. სესხის გადახდის მაქსიმალური ვადა არის 30 დღე. სესხის დაფარვისთვის კლიენტმა უნდა გადაიხადოს აღებული თანხის 15% ანუ 200-ლარზე 230 ლარი. გადავადება ერთ თვეზე შეადგენს 45 ლარს. ასევე შესაძლებელია გადავადება 5 დღით, 10 დღით, 15 დღით, 20 და 25 დღით, რაც ნაკლებ თანხას შეადგენს. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა დღეში სესხის 1% ანუ 2 ლარია.

"ფასტ კრედიტი" - პირველ ჯერზე მაქსიმალური 200 ლარია. ერთ თვეში დაფარვის შემთხვევაში საკომისიო შეადგენს 60 ლარს ანუ სესხის დაფარვისთვის კლიენტმა უნდა გადაიხადოს 260 ლარი. ვადაგადაცილება დღეში 2 ლარი. გადავადება ერთ თვეზე 60 ლარი. "კრედიტონი" - პირველ ჯერზე მაქსიმუმ 500 ლარის აღებაა შესაძლებელი. 500 ლარის აღების შემთხვევაში ერთ თვეში დაფარვისთვს 603 ლარია შესატანი. ერთი თვით გადავადება 103 ლარი. ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა - 12 ლარი. "მანიმენი" - მაქსიმალური 200 ლარს. თუ თანხას ერთ თვეში დაფარავთ, 255 ლარი უნდა გადაიხადოთ. ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე უწევს 3.80 ლარი. გადავადება არის შესაძლებელი მინიმუმ 7 დღე, მაქსიმუმ 28 დღე. ორი კვირით გადავადების შემთხვევაში, გადასახდელია 20 ლარამდე. "მინიკრედიტი" - 200 ლარის აღების შემთხვევაში გადასახდელად (ერთ თვეში) დამატებით 60 ლარია გადასახდელი. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ირიცხება ძირითადი თანხის 1,5%, ხოლო ყოველ მეექსვე და მეთორმეტე დღეს ჯარიმა 13 ლარი. 30 დღით გადავადება კი 60 ლარს შეადგენს. "ვივუსი" - პირველი სესხი უპროცენტოა. მეორე სესხის დროს თუ პირობითად 400 ლარს აიღებთ, ერთ თვეში დაფარვის შემთხვევაში გადაიხდით 456 ლარს. 30 დღით გადავება 76 ლარი ჯდება. ჯარიმა დღეში 4.56 ლარი.

როგორც ჩამოთვლილი რიცხვებიდან ჩანს, ამ კომპანიებისთვის არ არის დაწესებული ერთიანი სტანდარტი, რეგულაციები და მათი მხრიდანაც შესაბამისად სესხის გაცემა მაღალ პროცენტში ხდება, ასევე მაღალია პროცენტები ჯარიმებზე და გადავადებაზეც. ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ ონლაინ გამსესხებლების საქმიანობა აუცილებლად არის მოსაქცევი მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში ისევე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ არის შექმნილი სპეციალური კანონი. "სამევახშეო პროცენტი, რომლითაც საქმიანობენ ამგვარი სახის გამსესხებლები, ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს არის ცივილიზებული ქვეყნების საფინანსო პრაქტიკა. საქართველოში სამევახშეო პროცენტის დაწესებით სცოდავენ არა მარტო ონლაინ გამსესხებლები, არამედ სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც. არსად ცივილიზებულ მსოფლიოში არ ხდება სესხის გაცემა ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით. ეს ითვლება არაპატიოსან საფინანსო საქმიანობად, რომელსაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. თუ მომხმარებელი ხედავს, რომ ორ კვირაში გადასახდელი აქვს სესხის 7 % ან 14 პროცენტი და მას ჰგონია, რომ ეს არ არის დიდი თანხა, წლიური საპროცენტო განაკვეთის დაწესების შემთხვევაში დაინახავს, რომ მას გადასახდელი აქვს 1000%, 2000% -ით მეტი ვიდრე სესხის თანხაა. ეს არის მომხმარებლის მოტყუების მომენტი", - აღნიშნავს ლია ელიავა.

მისივე თქმით, მომხმარებელი თანდათანობით ებმება სწრაფი ფულის მახეში. "ჩართვის მექანიზმი ასეთია: პირველი სესხი გაიცემა უფასოდ. ეს არის ნარკომანების მეთოდოლოგია - პირველი დოზა უფასოდ, შემდეგ იხდი ფულს. ჩათრევის პრინციპი ამ არასასიკეთო პროცესში მოსახლეობას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება საბოლოო ჯამში, რადგან თავიანთი შემოსავლის ძალიან დიდ ნაწილს ისინი გამსესხებლებს უტოვებენ. მოსახლეობას რომ აეღო საბანკო კრედიტი, ბევრად უფრო იაფი დაუჯდებოდათ, ვიდრე ონლაინ გამსესხებლებისგან აღებული თანხა. აუცილებელია, პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც დაიცავს როგორც ამ მომსახურების მომხმარებელს, ასევე მთლიანად საზოგადოებას იმ კატასტროფისგან, რომელიც შეიძლება ამ მომსახურებას მოჰყვეს", - აცხადებს ლია ელიავა.

მისივე თქმით, ამ კომპანიებზე კონტროლი აბსოლუტურად არ ხორციელდება. ვინაიდან ეს არის ფინანსური სექტორი, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნულმა ბანკმა. "ან უნდა შეიქმნას სპეციალური კანონი, ან უნდა აიკრძალოს. ვერ ხდება რეგულირება და ვერ ხდება კონტროლი, რადგან ყველაფერი ხდება ვირტუალურ სამყაროში. თუ დოკუმენტი ვერ იქმნება გინდათ ელექტრონული სახით და გინდათ ქაღალდზე, იმ ბიზნესის გაკონტროლება შეუძლებელია. მთავრობის დადგენილებაც კი საკმარისია, რომ ეს საქმიანობა მომენტალურად აიკრძალოს", - განაცხადა ელიავამ და დასძინა, რომ ასეთი საქმიანობის შეჩერება, რომელსაც ონლაინ გამსესხებლები აწარმოებენ, მთავრობის განკარგულებითაც შეიძლება.

ნიკა აბზიანიძე