აფბა: ლარის დღევანდელი კურსი ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობას ასახავს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, ლარის დღევანდელი კურსი ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობას ასახავს.

ამის შესახებ შოთა გულბანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -"აფბა" ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხების კვლევას განაგრძობს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არის ის ნიშნული, რისი შესაძლებლობაც საქართველოს ეკონომიკას გააჩნია.

"ლარის კურსის სტაბილურობის და მისი სიმყარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სხვა ფაქტორებთან ერთად უცხოური ვალუტის შემოდინებაა, ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, თუ რა დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო 14 წლის განმავლობაში უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში კრედიტების სახით და რა გავლენას ახდენდა ეს ლარზე. კერძოდ, კი ლარის კურსის ცვალებადობის დინამიკა 1999 წლიდან შემდეგნაირად ხასიათდებოდა: 1998-99 წლებში კრიზისის შედეგად ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2,45 იყო, რამდენიმე წელიწადში კურსმა დაიწია და 2007 წლამდე ძირითადად 2-2,15-ის ფარგლებში მერყეობდა, ამის შემდეგ 2008 წელს რუსეთთან ომის შედეგად ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილი საქართველოსთვის, ბრიუსელში ჩატარებული დონორთა საერთაშორისო კონფერენციის შედეგად ქვეყანაში გადმოირიცხა 4,5 მილიარდი დოლარის კრედიტები და გრანტები, რომლის გადახდის აქტიური ფაზა 2013 წელს უნდა დაწყებულიყო", - განაცხადა გულბანმა.

მისი თქმით, მსგავსი მასშტაბით უცხოური ვალუტის შემოდინება ლარი-დოლარის კურსს დააწვა და ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,65 ნიშნულზე გამყარდა და შენარჩუნდა 2012 წლამდე, სანამ სახელმწიფოს მიერ ვალად აღებული კრედიტები არ ამოიწურა. "აღსანიშნია ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან მთავრობამ შეცვალა ლარის გამყარების სტრატეგია, რაც მანამდე საგარეო კრედიტებით იყო განპირობებული და 2013 წელი იყო პირველი პრეცედენტული წელი, როცა საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა 50 მილიონით. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია ის ფაქტი, რომ ლარის კურსი იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რის შესაძლებლობასაც იძლევა ქვეყნის ეკონომიკა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, თუმცა ლარის ამ მასშტაბით გაუფასურების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ეროვნული ბანკის დროული და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად. დღეისათვის კი გვაქვს შემდეგი რეალობა - მთავრობა აღარ აპირებს საგარეო ვალის ზრდის ფონზე შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის სიმყარე, რისი ნათელი და რეალური ალტერნატივაც არის ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ზრდა, რაც იქნება წინაპირობა ორნიშნა ციფრში გამოხატული ეკონომიკური ზრდისა, ამ მხრივ კი ვითარება საკმაოდ მძიმეა, რისთვისაც მთავრობამ უფრო მეტი ხისტი ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროს", - განაცხადა გულბანმა.