სავალუტო კრიზისი ასაწყობ სახლებსაც შეეხო

”არასტაბილური ლარი ჩვენს ბიზნესს ყველაზე მეტად აფერხებს”

ბოლო წლებში საქართველოში ასაწყობ სახლებზე მოთხოვნა თანდათან გაიზარდა. ასეთ სახლებს უფრო ხშირად აგარაკებზე აშენებენ, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ამ ტიპის სახლი ადამიანმა მუდმივ საცხოვრებლად გამოიყენოს. ასაწყობი სახლების მშენებლობა დასავლეთის ქვეყნებში კარგა ხანია დაიწყეს და ისინი საკმაოდ პოპულარულია. როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამტკიცებენ, ასაწყობი სახლების უპირატესობას მათი ენერგოეფექტურობა, ეკოლოგიურობა, კონსტრუქციის სიმტკიცე და გამძლეობა განსაზღვრავს. ამ ტიპის სახლები ყველანაირ კლიმატურ პირობებს უძლებს. როგორც წესი, მათ ჩვეულებრივთან შედარებით სწრაფად აშენებენ. სწორედ ამ თვისებების გამო ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანები კლიენტების რაოდენობას ნამდვილად არ უჩიოდნენ, თუმცა, ბოლო თვეებში ქვეყანაში დაწყებულმა კრიზისმა მათი საქმიანობაც ძალიან შეაფერხა. მათ შორის არის შპს ”თურქო”, რომლის მენეჯერი ნუგზარ მანია ამბობს, რომ ბოლო თვეებში მათი მდგომარეობა ძალიან გართულდა: ”ჩვენი ფირმის წარმომადგენლები სახლებსაც აგებენ და კონტეინერებსაც. საქმე კარგად მიგვდიოდა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ბოლო თვეებში რეალიზაცია დაახლოებით 80 პროცენტით შეგვიმცირდა: თუ შემოდგომაზე თვეში ვაშენებდით ათამდე სახლს, ახლა ორს ძლივს ვაშენებთ”.

ნუგზარ მანია, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა უმრავლესობა, ამ მდგომარეობას დოლარის გაძვირებით ხსნის:

- ყველა საჭირო მასალა და დეტალი უცხოეთიდან შემოგვაქვს, თითქმის ყველაფერს დოლარში ვყიდულობთ, დოლარი კი გაძვირებულია, ამიტომ ჩვენც იძულებული ვხდებით, ჩვენი სახლები გავაძვიროთ - აბა, წაგებაზე ხომ ვერ ვიმუშავებთ? ოქტომბრის შემდეგ დოლარი 25%-ით გაძვირდა, მე კი, 5-10-პროცენტიან მოგებაზე ვმუშაობ. გაძვირებულ პროდუქციას მყიდველიც აღარ ჰყავს, ეს ხომ არ არის პური, ან შაქარი, რომ ოჯახმა ვერ მოიკლოს და აუცილებლად იყიდოს?

ნუგზარ მანიას თქმით, შპს ”თურქოს” მიერ აწყობილ სახლებსა და კონტეინერებში 1 კვ. მეტრის ფასი 190 დოლარი ღირს. მართალია, ეს ფასი არ შეცვლილა, მაგრამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო კალკულაციას ახალი კურსით ახდენენ, ლარის კურსი კი, მუდმივად მერყეობს, რაც მათ ძალიან აბნევს და ბიზნესზეც უარყოფითად აისახება:

- ჩვენი პროდუქცია დოლარებში რაც ღირდა, ისევ ის ღირს, მაგრამ ეს დოლარი ხომ ლარში გადაგვყავს? ადრე დოლარი 1,75 ლარი ღირდა, ახლა კი, 2,20 ღირს, იანგარიშეთ, რამხელა სხვაობას ვღებულობთ. მაგალითად, 5-6 თვის წინ კონტეინერს ვყიდდით 3900 დოლარად, მისი ფასი ახლაც იგივეა, მაგრამ იანგარიშეთ 3900 დოლარი ახლა რამდენი ლარია? ჩვენს კლიენტებს ხელფასები ლარში აქვთ, რის გამოც მათი მსყიდველობითი უნარიც ძალიან შემცირდა. კიდევ კარგი, ოფისის ქირას ლარში ვიხდით, მაგრამ გაზს ვიყენებთ, რომელიც გაგვიძვირეს: ადრე 1 კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს ვყიდულობდით 71 თეთრად, ახლა კი - 87 თეთრი ღირს. თვეში დაახლოებით 4-5- ათასი კუბ. მეტრი გვჭირდება, ამიტომ, მოგებაზე უკვე აღარც ვფიქრობთ, მარტო იმაზე ვართ ორიენტირებული, რომ წარმოება არ დავხუროთ. უკვე გაძლებაზე ვართ - ხელფასები გვაქვს გასაცემი, მუშებს ვქირაობთ, ჩვენს ნახელავსაც ლარში ვყიდით და ათასგვარი ხარჯი გვაქვს. ამიტომ, ვიდრე ლარი სტაბილური არ გახდება, პრობლემები არ გამოგველევა. ჩვენი ეროვნული ვალუტა რომ ერთ დონეზე იყოს, საქმე უფრო გაგვიადვილდება. ღირდეს თუნდაც 1 დოლარი 2 ლარი, ან უფრო მეტი, ჩვენც ამ კურსს მივებმებით და ვიმუშავებთ, მაგრამ ეს არასტაბილურობა, კურსის მუდმივი მერყეობა ყველანაირად ხელს გვიშლის.

ანალოგიური პრობლემები აქვს კომპანია ”ტექნოლოჯი გრუპს", რომელიც სახლებს კანადური ტექნოლოგიით აშენებს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ეს ტექნოლოგია უკვე 40 წელია პოპულარულია დასავლეთის ქვეყნებში, მასზე მოთხოვნა საქართველოშიც საკმაოდ მაღალია. ”ეკონომიური ფასი, სწრაფი აწყობის შესაძლებლობა და სახლისთვის საჭირო ყველა პირობის შექმნა შეგვიძლია. თუ ჩვენს კლიენტს საკუთარი პროექტი აქვს, ამავე პროექტის სახლს ვუშენებთ” - აცხადებენ კომპანიაში. როგორც ”ტექნოლოჯი გრუპის” დირექტორის თანაშემწემ, მეგი ლებანიძემ გვითხრა, ფასები არც მათ შეუცვლიათ, მაგრამ სავალუტო კრიზისს მაინც ვერსად გაექცნენ.

”ფასები არ შეგვიცვლია, რადგან ვითვალისწინებთ კრიზისს, რომელიც საქართველოშია, მაგრამ ეს ძალიან აისახება ჩვენი კომპანიის ფინანსურ ბრუნვაზე: ჩვენთან 1.კვ. მეტრი ფართობის ფასი 150 დოლარიდან იწყება და სადღაც 400 დოლარამდე ადის. როდესაც კლიენტი 1 კვ. მეტრში 400 დოლარს გვიხდის, მთლიანად მოპირკეთებულ კოტეჯს ვაბარებთ. კანადური მასალა შემოგვაქვს, რომლის ხარისხიც საკმაოდ მაღალია, ამიტომ, კლიენტურის ნაკლებობას არ ვუჩიოდით, თუმცა ბოლო თვეებში სიტუაცია აშკარად შეიცვალა. ახლა იმის იმედი გვაქვს, რომ კოტეჯების მშენებლობა სეზონზეც არის დამოკიდებული, იქნებ, ზაფხულში მდგომარეობა გაგვიუმჯობესდეს. ამიტომ, სხვების მსგავსად, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ, იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია შემობრუნდება. ამისათვის კი ერთი რამ არის მთავარი - ლარის კურსი არაპროგნოზირებადი აღარ იყოს”,-აცხადებს მეგი ლებანიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე