ფინანსთა სამინისტროში ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველის, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით, ფინანსთა სამინისტროში ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრისთვის დედაქალაქში უკვე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოები განიხილეს. კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. როგორც აღინიშნა, ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, იგეგმება მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესიის ორგანიზება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს გაეცნონ.

ორდღიან საერთაშორისო ფორუმს გააშუქებს თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელთა მხრიდანაც ღონისძიებასთან დაკავშირებით უკვე დიდი დაინტერესება ფიქსირდება.  ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კომისიის წევრები გარკვეული პერიოდულობით მედიის თანდასწრებით ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნობიან. მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განხორციელებული თუ დაგეგმილი ყველა შესყიდვა/ტენდერი ღია და ხელმისაწვდომი იქნება და ამის შესახებ მედიას ეცნობება.