რომელ ქვეყნებში შემცირდა სასტუმროს ფასები?

”ვაშინგტონ პოსტი” მოგზაურობის მოყვარულებს იმ ქვეყნების ჩამონათვალს სთავაზობს, სადაც ვალუტის კურსის ცვლილების გამო სასტუმროებზე ფასები შემცირდა.

მსოფლიო ბაზარზე დოლარის კურსის მატებამ და საქართველოში ლარის გაუფასურებამ, ბევრ ადგილობრივს უახლოეს თვეებში ევროპაში მოგზაურობა გადააფიქრებინა.

ამერიკული გამოცემა ”ვაშინგტონ პოსტი” მოგზაურობის მოყვარულებს სააგენტო Trip Advisor-ზე დაყრდნობით იმ ქვეყნების ჩამონათვალს სთავაზობს, სადაც ვალუტის კურსის ცვლილების გამო სასტუმროებზე ფასები შემცირდა. სააგენტოს მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში სასტუმროებზე ფასი მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 7%-ით შემცირდა, ევროპაში კი 9%-ით.

”2014 წელთან შედარებით, თითქმის 13%-ით შემცირდა სასტუმროს ნომერზე ერთი ღამით ფასი საფრანგეთში, დაახლოებით 11%-მდე - გერმანიაში, 8 პროცენტზე მეტით კი იტალიასა და ესპანეთში. კიდევ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელია შვედეთსა და ნორვეგიაში - 19% და 17%”, - წერს ”ვაშინგტონ პოსტი”.

ქვეყნების ათეული კი, სადაც გასულ წელთან შედარებით, სასტუმროს ნომრის დღიური ფასები ყველაზე მეტად შემცირდა, ასე გამოიყურება:  რუსეთი - 45%, უკრაინა - 38%, შვედეთი - 19%, ნორვეგია - 17%, პოლონეთი - 15%, რუმინეთი - 16%, ბულგარეთი - 14%, საფრანგეთი - 13%, მოროკო - 12%, ურუგვაი - 12%.

ამასთან ერთად, ”ვაშინგტონ პოსტი” აღნიშნავს, რომ ევროპაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება მხოლოდ სასტუმროს ფასების შემცირებაზე არ ასახულა. გამოცემის ცნობით, გერმანიასა და საფრანგეთში ფასების 0,1%-ით გაზრდის პარალელურად, ადგილობრივ პროდუქტსა და საკვებზე ფასი შემცირდა იტალიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებსა და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში.

გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მსოფლიო ბაზარზე დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში 21%-ით გაიზარდა.