დედაქალაქის მერია 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ამზადებს

დედაქალაქის მერია 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ამზადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ნარმანიამ აღნიშნა, რომ "ქამრების მოჭერასთან" დაკავშირებით არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა. მისი თქმით, სურს ძალიან მკაფიოდ თქვას, რომ მათ ქამრების მოჭერა და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა ჯერ კიდევ 2014 წელს თბილისის მერიაში მისვლისთანავე დაიწყეს.

"კერძოდ, სექტემბრის თვეში და დეკემბერში, როცა ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები, 1 300 000 ლარის ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ და ეს პოლიტიკა გავაგრძელეთ, როცა დავგეგმეთ 2015 წლის ბიუჯეტი. 2015 წლის ბიუჯეტში თავიდანვე ჩავდეთ საკმაოდ შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები. მიუხედავად ამისა, როცა 2015 წლის 6 მარტს, საქართველოს მთავრობის განკარგულება გამოიცა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, ჩვენ კვლავ რევიზია ჩავუტარეთ დედაქალაქის ბიუჯეტს და ჯამში 1 800 000 ლარზე მეტი დანაზოგი გავაკეთეთ, საიდანაც 300 000 ლარი ეს არის უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ხოლო 1 553 000 ეს არის საპრემიო ფონდის შემცირება. გარდა ამისა, ჩვენ 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტს ვამზადებთ, რომლის ფარგლებში რამდენიმე მილიონი ლარი ცალკეული მუხლებიდან იქნება დაზოგილი და გადატანილი ინფრასტრუქტურის ხარჯებში, რათა ამით ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.