”ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება”

ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ლარის კურსის გაუფასურებით დაზარლდნენ ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მოსახლეობის, ვისაც სესხები აქვთ დოლარში. მათ, პრაქტიკულად, პირდაპირპროპორციულად გაუძვირდათ სესხის ტვირთი. ქადაგიძის თქმით, მოსახლეობის ეს ნაწილი ამ პროცესებს ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს. ქადაგიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სავალუტო შემოდინებები აღდგეს. "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სავალუტო შემოდინებები აღდგეს, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც თავისთავად რეალური შემოსავლების ზრდაში გამოიხატება. სამწუხაროდ, სხვა რეცეპტი არ არსებობს და ახლა არის დრო სწრაფი და ეფექტური ქმედებების. ეს არის მთავარი, რაც ახლა უნდა გაკეთდეს", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში თითქმის 30%-ით გაუფასურდა. "ეს გაუფასურება, რა თქმა უნდა, უკვე იწყებს მოქმედებას და ჩვენი საგადამხდელო ბალანსის კორექტირებას აკეთებს. ჩვენ არ ვფიქრობთ, სხვა თანაბარ პირობებში კურსი კიდევ უფრო უნდა გაუფასურდეს, ამის ნიშნები დღეს არ არის, მაგრამ ახლა საჭიროა ქმედებები, რომლის შედეგი იქნება განეიტრალება და შემსუბუქება იმ ზიანის, რომელიც მიიღო მოსახლეობის იმ ნაწილმა რომელზეც მქონდა საუბარი", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ის დანაკლისი, რომელიც ქვეყანამ სავალუტო შემოდინებებით მიიღო, კურსში უკვე აისახა. "ზოგადად, თებერვალ-მარტი ყოველთვის არის რთული თვეები ჩვენი ეკონომიკის ციკლებიდან გამომდინარე. ჩვენ შევალთ ტურისტულ სეზონში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, შემოდინებები სეზონურად გაიზრდება, მაგრამ ფუნდამენტურად სხვა ტიპის გადაწყვეტილებებია საჭირო", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ელოდება, რომ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი შესრულდება წლის მეორე ნახევარში და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 5%-იან ნიშნულს მიაღწევს. "მიუხედავად იმისა, რომ რიგ პროდუქტებზე ფასები გაზრდილია, იმის გამო, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას ჰქონდა ადგილი, სწრაფად ინფლაციის იმპორტს ჩვენ არ ვაკეთებთ, ამიტომ ვაკვირდებით მოვლენებს. რამდენიმე საათში იწყება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ამ ყველაფერზე დეტალური მსჯელობა გვექნება და შემდეგ განცხადებას გავავრცელებთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მიაღწია უკვე იმ ზღვარს, როდესაც საგადამხდელო ბალანსის ახალი ნიშნულის დაფიქსირება ხდება. "ამ პროცესებთან და სეზონურ ფაქტორებთან ერთად რყევები შემცირდა და შეინიშნება შედარებით უფრო სტაბილური სიტუაცია", - განაცხადა ქადაგიძემ.