არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის

დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  25 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტის ,"სარფის", მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.  "თურქეთის მხრიდან სამგზავრო ავტობუსით შემოსული სომხეთის მოქალაქე ჰ.რ.-ის მიმართ ეჭვის საფუძველზე ავტობუსის დათვალიერების შედეგად, მათ აღმოაჩინეს აღნიშნული პირის კუთვნილი არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ოქროს ნაკეთობები - საერთო წონით 546,95 გრამი, ვერცხლის ნაკეთობები - საერთო წონით 1485,22 გრამი, რომელთა საერთო ღირებულებამ 28976,57 ლარი შეადგინა, ასევე, ხელოვნური თვლები. მგზავრს საქონელი დამალული ჰქონდა ავტობუსში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა", - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსვლების სამსახურის ინფორმაციით, ასევე, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა 25 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" აზერბაიჯანის მოქალაქე ტ.მ.-მ. დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მას 4738,43 ლარის ღირებულების 4 ცალი ოქროს ყელსაბამი აღმოუჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 4738,43 ლარის ოდენობით შეეფარდა.