Apple-ის ხელმძღვანელი თავის ქონებას ქველმოქმედებას მოახმარს

კომპანია Apple-ის ხელმძღვანელი, ტიმ კუკი აპირებს, მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას მოახმაროს.

როგორც ამერიკულ ჟურნალ Fortune-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტიმ კუკი ამბობს, მას სურს საკუთარი ფული შიდსთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვისა და აშშ-ში საიმიგრაციო სისტემის რეფორმირების მიზნით დახარჯოს. თუმცა, მანამდე ის აპირებს თავისი დისშვილის განათლების დაფინანსებას.

ჟურნალ Fortune-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Apple-ის ხელმძღვანელის ქონება 800 მილიონ დოლარს შეადგენს. 2010 წელს ამერიკელმა მილიარდერებმა, უორენ ბაფეტმა და ბილ გეითსმა საქველმოქმედო კამპანია Giving Pledge წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ქველმოქმედებას ნახევარზე მეტი ქონება გადასცენ. აღნიშნულ კამპანიას 150-ზე მეტი მდიდარი ადამიანი შეუერთდა მსოფლიოს მასშტაბით.