შეეძლო თუ არა მთავრობას ეროვნული ვალუტის გაუფასურების თავიდან აცილება

დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას და იყო თუ არა შესაძლებელი თავიდან აგვეცილებინა ეროვნული ვალუტის ასეთი გაუფასურება?

ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, ”პალიტრა TV”-ის გადაცემა ”ბიზნეს PRESS”-ში ისაუბრა. გადაცემის ნახვას მაყურებელი 30 მარტს 22:30-ზე შეძლებს.

როგორც მინისტრმა ბიზნეს PRESS-თან საუბრისას განაცხადა, ეკონომიკური მდგომარეობა ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელზეც ფიქრობს მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში. ”მე მესმის ყველა იმ ადამიანის, რომლისთვისაც დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა და ყველაზე კარგად ფინანსთა მინისტრმა იცის, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. იცის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსთა მინისტრია და ბევრი ინფორმაცია აქვს, არამედ იმიტომაც რომ უშუალოდ აწყდება იმ რეალობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული ბოლო პერიოდის განმავლობაში. სამწუხაროდ გვქონდა პრობლემა იმის, რომ რაც გავაკეთეთ ამის შესახებ ინფორმაცია მიგვეტანა მოსახლეობამდე. შესაბამისად, დღეს ჩანს მხოლოდ პრობლემები და არ ჩანს ის საქმეები, რომელიც გაკეთდა. ნამდვილად არ მინდა იმის თქმა, რომ დღეს საქართველოში ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არ არის. ძალიან ბევრი რამ არის გაუმჯობესებული. ცხოვრების დონეც კი, რომელზეც დღეს ყველა წუხს, რეალურ მაჩვენებლებში მცირედით, მაგრამ გაზრდილი - 8%-ით ბოლო ორი წლის განმავლობაში”,- აღნიშნა ხადურმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში ცხოვრების დონით 114-ე ადგილზეა: ”ასეთად ვიყავით შევარდნაძის დროს, ასეთები ვიყავით სააკაშვილის დროს, სამწუხაროდ, დღესაც ასე ვართ.”

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, როგორც ხადური განმარტავს, ”ბევრი პრობლემაა და პრობლემების ჯაჭვია და არის ერთგვარი დომინოს ეფექტი”. მინისტრმა მაგალითად აზარბაიჯანული მანათი მოიყვანა, რომელიც ერთ ღამეში გაუფასურდა.