დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება

დოლარმა შესუსტება დაიწყო.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამერიკულ ვალუტასთან მიმართებაში, თითქმის 5-6 პუნქტით გამყარდა ევრო. გაძლიერდა რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი, უკრაინული გრივნა და სომხური დრამიც კი. ქართულ ლარსა და თურქულ ლირაზე კი დოლარის პოზიციების შესუსტება ჯერ არ ასახულა, პირიქით, მარტში ლირა - 3,1%-ით, ლარი კი 2,7%-ით დაეცა. სპეციალისტების პროგნოზით, ლარზე დოლარის საერთაშორისო შესუსტება გავლენას არც მომავალში მოახდენს და ეროვნული ვალუტა გაზაფხულის მიწურულს შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს.

ქართული ლარი გაუფასურებას განაგრძობს. პირველი მარტიდან დღემდე ვალუტის კურსი 2,7%-ით დაეშვა. თუკი მარტის დასაწყისში ერთი დოლარი 2,16 ლარი ღირდა, ახლა ის 2,22 ლარი ღირს. მთავრობის წევრები ლარის მცირედით გამყარების იმედს ისევ იძლევიან, თუმცა პირდაპირ ამბობენ, რომ ძველ ნიშნულს ეროვნული ვალუტა აღარ დაუბრუნდება.

სავალუტო სტაბილიზაცია აპრილიდან დაიწყება, ხოლო ზაფხულში გაცილებით უკეთესი ვითარება იქნება. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყანაში უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით შემოდინება გახდება. ”ლარის გამყარება შესაძლებელია. ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის უფრო დიდ შემოდინებას, ამიტომ ლარის გამყარება მართლაც შესაძლებელია. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისათვის გაამყარებს ლარს თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას,”-განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამართლდება თუ არა, კვირიკაშვილის პროგნოზი და გამყარდება თუ არა ლარი ზაფხულში, ამას 2 თვეში ვნახავთ. დღეს კი ლარი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებისგან განსხვავებით, დოლართან მიმართებაში ისევ სუსტდება. რუსული რუბლი ბოლო პერიოდში 5 პუნქტით გამყარდა. თუ მარტის დსაწყისში ერთი დოლარი 61,27 რუბლი ღირდა, ახლა მისი ფასი 56,42 რუბლია. 4 პუნქტით გამყარდა გრივნაც. 4 კვირის წინ ერთი დოლარი 27,76 გრივნად ფასობდა, ახლა ერთი დოლარის შეძენა 23,50 გრივნადაა შესაძლებელი.

მანათი-გრივნას ანალოგიურად გამყარდა სომხური დრამიც. ერთი თვის წინ ერთი დოლარი 478 დრამი ღირდა, ახლა - 471 დრამი ღირს. ამ პერიოდში დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა ბელორუსული რუბლიც და აზერბაიჯანული მანათი. შესაბამისად, მთავრობის მანამდელი არგუმენტი, თითქოს ლარის ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მსოფლიოსა და განსაკუთრებით სამეზობლოში დოლარის პოზიციების გამყარებაა, ნაკლებად გამოდგება. ყველა ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტებთან დოლარმა პოზიცია დათმო.  დოლარის შესუსტება ჯერ არ ასახულა ქართულ ლარსა და თურქულ ლირაზე. მარტში ლირა - 3,1%-ით, ლარი კი 2,7%-ით დაეცა. სპეციალისტების პროგნოზით, ქართული ლარი მომავალში კიდევ უფრო გაუფასურდება, დოლარის შესუსტება-გაძლიერება კი მასზე მნიშვნელოვან ასახვას ვერ ჰპოვებს, რადგან ქართული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკაში სუსტადაა ინტეგრირებული და გარდა ამისა, საქართველოში კურსის ფორმირება გარკვეული გარიგეგებით და სპეკულაციურად ხდება.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, საბანკო ექსპერტ ლია ელიავას თქმით, ვინიდან საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებზე სუსტადაა მიბმული, სავალუტო კურსის ფორმირება კი ქვეყანაში შიგნით არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე რამდენიმე ბანკის ერთმანეთთან ვაჭრობის შედეგად ხდება, შესაბამისად, ქართულ ლარზე დოლარის საერთაშორისო გამყარება ან შესუსტება ნაკლებად აისახება. ”კომერციული ბანკების მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე არის არა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ასახვა, არამედ მათი საჭიროების მაჩვენებელი. ვინაიდან საქართველოში ლარის კურსის ჩამოყალიბება არ არის გამჭვირვალე, მისი კურსის ცვალებადობაზე ხელის მოთბობის ცდუნება ყოველთვის ექნებათ როგორც ბანკებს, ასევე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს”,-განაცხადა ელიავამ.

რაც შეეხება ამერიკული დოლარის შესუსტებას, როგორც ელიავა ამბობს, ამის მიზეზი აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაა. ”უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკული ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა. ექსპერტების მხრიდან კეთდება არც თუ დამაიმედებელი პროგნოზი, შესაბამისად, დოლარმაც საერთაშორისო ბაზარზე შესუსტება დაიწყო. ეს კი უშუალოდ აისახა სხვა ქვეყნის ვალუტებზე. ბოლო თვეების განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 30%-ით გაუფასურდა, არადა, იმ პერიოდში დოლარი იმდენად არ გამყარებულა, რომ ლარის კურსი ასე დაცემულიყო. ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი დიდად არ არის დამოკიდებული დოლარის გამყარებასა თუ დევალვაციაზე. საქართველოში იგი მოწყვეტილია ეკონომიკურ პროცესებს და ატარებს წმინდა სპეკულაციურ ხასიათს”,-დასძინა ელიავამ.

მისივე პროგნოზით, გამორიცხული არ არის, რომ ზაფხულში, მაშინ როდესაც მთავრობა ლარის გამყარებას ელოდება, ის უფრო მეტადაც გაუფასურდეს. ამის მიზეზად ელიავას ქვეყნის მთავარი ბანკირის განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ქადაგიძე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე - 5%-მდე გაზრდას ზაფხულში ვარაუდობს.

”მაისში, მას შემდეგ, რაც ქადაგიძე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, ლარი კიდევ უფრო დაეცემა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სებ-ის ის განცხადებაც, სადაც საუბარია, რომ ქვეყანა მიზნობრივ 5%-იანი ინფლაციის მაჩვენებელს ზაფხულში მიაღწევს. შესაბამისად, ქადაგიძე ელოდება, რომ ლარი კიდევ უფრო დავარდება, ფასები გაიზრდება და ინფლაციაც მოიმატებს, ანუ ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. სიტუაცია საკამოდ მძიმეა და მისი პროგნოზირება ძალიან რთულია”,-განაცხადა ელიავამ.

დოლარის საერთაშორისო ბაზარზე შესუსტების შედეგად ლარის გამყარებას არ ელოდება აფბას ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნოდარ ჭიჭინაძე. მისივე აზრით, დოლარის გამყარება არ იყო ის ერთადერთი მიზეზი, რამაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება გამოიწვია და არც დოლარის შესუსტება იქნება ის ერთადერთი საბაბი, რის გამოც ამ ქვეყნებში ვალუტები შეიძლება გამყარდეს.

”საქართველოს შემთხვევაში დოლარის საერთაშორისო გამყარება იყო ირიბი ეფექტი, რომელიც სავალუტო შემოდინებას გარკვეული ფორმით დაეტყო. მთავარი მიზეზი, რის გამოც ლარი დაეცა, მაინც ექსპორტიდან და გზავნილებიდან დანაკლისი იყო. ასე რომ, ლარის გაუფასურების მიზეზად დოლარის საერთაშორისო გაძლიერება-გაუფასურების ტრენდის დასახელება სწორი არ არის. რაც შეხება ლარის გამყარებაზე გაკეთებულ პროგნოზს, ეს შეიძლება მოხდეს, თუკი ის გეგმა შესრულდება, რაზეც მთავრობა საუბრობს და რის გაკეთებასაც აპირებს. თუ სავალუტო შემოდინება გაიზრდება, რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება ლარის კურსზე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია გეგმის შესრულების ხარისხზე და ამ მხრივ პროგნოზი ძალიან რთულია. თუ ეს ვერ გაკეთდა, მსოფლიოში დოლარის პოზიციების დასუსტება ქართულ ლარზე მაინც არ აისახება”,- განუცხადა "რეზონანსს" ჭიჭინაძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"