ფქვილის ფასი დაეცა, პური კი გაძვირდა

"ზოგიერთი მეწარმე შექმნილი აჟიოტაჟით სარგებლობს"

მას შემდეგ, რაც ლარის რყევით გამოწვეულმა პირველმა პანიკამ ჩაიარა, ცნობილი გახდა, რომ პურის ფქვილზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნებოდა. ჯერ კიდევ თებერვალში, ერთი ტომარა ფქვილი 2-3 ლარით გაძვირდა. შესაბამისად, საცხობების დიდმა ნაწილმა პური 10 თეთრით გააძვირა. მოგვიანებით, საცხობებმა პურპროდუქტების ფასიც გააძვირეს, 20-50 თეთრით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ფქვილის ფასი გაიაფდა და 42 ლარიდან 39 ლარამდე შემცირდა, საცხობების უმრავლესობამ პროდუქციაზე გაზრდილი ფასები დატოვა. კერძო ბიზნესს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, ხოლო ზოგიერთმა მეწარმემ ლარის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით ისარგებლა და მოგებაც ნახა - ასეთია ექსპერტების შეფასება. bpn.ge-სთან საუბარისას მეწარმეებმა პურ-ფუნთუშეულის ფასის გაძვირების მიზეზად პურის ფქვილის გაძვირება დაასახელეს. იმ ფონზე კი, როცა იურიდიული პირებისთვის გაზის საფასური ჯერ არ გაზრდილა, ხოლო პურის ფქვილის ფასი შემცირდა, ექსპერტებისთვის პურ-ფუნთუშეულის გაძვირების მიზეზი გაუგებარია.

ლევან სილაგავა, მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი: "ჩვენი ასოციაცია კატეგორიულად გამორიცხავს ფქვილის მიზეზით პურის გაძვირებას. დღეს ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილის ფასი 38-39 ლარია. როგორც ჩანს, ზოგიერთი მეწარმე შექმნილი აჟიოტაჟით სარგებლობს. პურის ქარხნები და საცხობები დოლარის კურსთან მიბმული არ არის. ფქვილი დოლარში არ იყიდება. ჩვენ ფქვილს მეწარმეებს ლარში ვაწვდით. მხოლოდ წისქვილ-კომბინატებს ექმნებათ პრობლემა, რადგან იქ დოლარში ნაყიდი ხორბალი შედის. შესაბამისად, პურ-პროდუქტზე დღეს არსებული ფასი პურის ფქვილის ფასთან შესაბამისობაში არ მოდის".

ზურაბ ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" ხელმძღვანელი: "გარკვეული პერიოდის განმავლობაში პურის ფქვილი მართლაც გაძვირდა - ტომარაზე ფასმა 4-5 ლარით მოიმატა. ამიტომ საცხობებმა პური 10 თეთრით გააძვირეს, ფქვილის გაიაფების შემდეგ კი საცხობების დიდმა ნაწილმა პურ-პროდუქტებზე ფასი აღარ შეამცირეს. მაგრამ ფქვილის გაძვირების მომენტშიც კი პროდუქციაზე ფასი არ უნდა გაეზარდათ, რადგან საქართველოში ფქვილის საკმარისი მარაგი გვაქვს (ივლისამდე), რომელიც ძველ ფასშია შეძენილი. რა იქნება ახალი მოსავლის შემთხვევაში, სექტემბერ-ოქტომბრიდან ფასი მოიმატებს თუ არა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, ჩემი პროგნოზით, გაძვირდება. ზოგიერთი მეწარმისგან არაკეთილსინდისიერებას აქვს ადგილი. ეს ნამდვილი ბიზნესის წარმოება არ არის. თვალთმაქცობაა, როცა ნედლეული, ინვენტარი არ გაძვირებულა, მაგრამ პროდუქციას მაინც აძვირებ."

თბილისის მე-4 პურის ქარხნის და პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ორი წელია მათ ქარხანას პური არ გაუძვირებია. "იფქლის" გარდა, არცერთ ქარხანას პურის ფასი არ გაგვიძვირებია. ფქვილზე ფასი მართლაც გაიზარდა - 37-დან 42 ლარამდე ავიდა, მაგრამ კომპანიებმა ამ ფასში პროდუქცია ვეღარ გაყიდეს. თანაც ქართულ ბაზარზე რუსული ფქვილი შემოიტანეს, რომელსაც წისქვილ-კომბინატებმა კონკურენცია ვერ გაუწიეს და ფქვილის ფასი დაწიეს. ახლა პურის ფქვილის ფასი 40-41 ლარს შორის მერყეობს. ორი წელია, რაც ჩვენს ქარხანას პურის ფასი არ გაუძვირებია. შესაძლოა, მაღაზიებმა 5-8 თეთრით მოუმატონ, მაგრამ მაღაზიებს ვერ გააკონტროლებ. ფასები ყოველთვის თამაშობს. ძალიან არ მომეწონა ვიცე-პერმიერის, კახი კალაძის განცხადება, მოსახლეობას გაზს არ გავუძვირებთ, მხოლოდ იურიდიულ კომპანიებსო. ჩვენ რა, მოსახლეობა არ ვართ?", - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

სალომე გოგოხია