ლარის კურსს საიდუმლო გარიგებით ადგენენ?!

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყველას გვთვლის იდიოტად!"

ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ლარის მასშტაბური გაუფასურება სპეკულაციების შედეგად დაიწყო. ამ ეჭვს "ბლუმბერგის" დახურული სისტემა აძლიერებს, სადაც ლარის კურსზე თამაშის და მანიპულაციის უფრო მეტი საშუალებაა.

"შეიძლება 10 ათას დოლარად სავალუტო კურსი აბურთავო როგორც გინდა და ამის პატრონი არავინ არის. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, მაგრამ შემმოწმებელი ვინაა? ჩვენთან სავალუტო რესურსი საბანკო სისტემაშია. ორ ბანკს უკავია მთელი ქვეყნის სავალუტო რესურსების 70 პროცენტი. საქმე გვაქვს ოლიგოპოლიასთან, როდესაც სრულიად დასაშვებია მოლაპარაკება, გარკვეული შეთანხმება", - ამბობს ფინანსისტი და ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

დასუსტებულ ეროვნულ ვალუტას დევალვაციის მიმართულებით ბიძგი ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდამაც მისცა. საბოლოო ჯამში, ლარი ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ვალუტად ჩამოყალიბდა და მან მოსახლეობაში ნდობა თითქმის დაკარგა. საქართველო "ბლუმბერგის" სისტემაში 2009 წლის მარტიდან ჩაერთო. ამ გადაწყვეტილების მთავარი ინიციატორი "საქართველოში ეკონომიკური რეფორმების ფუძემდებლად" წოდებული კახა ბენდუქიძე იყო. იგი მიიჩნევდა, რომ "საქართველოსთვის და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის საკუთარი ვალუტის არსებობა ზედმეტი რისკი გახლდათ". ბენდუქიძის მოწოდება იყო ისიც, რომ საქართველოში ლართან ერთად მიმოქცევაში დოლარი და ევრო უნდა ჩაშვებულიყო, რაც ინვესტორებს სავალუტო რისკისგან დაიცავდა.

დახურული სისტემა

სპეციალისტების განმარტებით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ისეთი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, "ბლუმბერგის" სისტემა და სავალუტო აუქციონების შემოღება ლარის კურსებზე თამაშის, მანიპულაციის უფრო მეტ საშუალებას იძლეოდა. "ადრე თუ სავალუტო კურსის ჩამოყალიბების სისტემა იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და მისი მუდმივი მონიტორინგი ხდებოდა, დღეს დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება, რომ სავალუტო კურსზე კარგად ითამაშონ და ხელი მოითბონ",- განმარტავენ სპეციალისტები.

"სუსტი ეკონომიკის განვითარებადი ქვეყნებისთვის მიზანშეწონილია სავალუტო ბირჟების ფუნქციობა. თავიდან ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გაკეთდა, სადაც კურსის ფორმირება ხდებოდა. დაცული იყო სავაჭრო წესები, კონტროლის მექანიზმი და ა.შ. 2006 წლიდან ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა მოისპო და ქვეყანა გადავიდა "ბლუმბერგის" სისტემაში. იგი არ არის სავაჭრო მოდული, ეს, უბრალოდ, საინფორმაციო სისტემაა", - ამბობს ფინანსისტი და ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ბანკთაშორის სავალუტო ბირჟისაგან განსხვავებით, "ბულმბერგი" აბსოლუტურად დახურული სისტემაა. სავალუტო ბირჟებზე მკაცრად არის რეგულირებული კურსის ფორმირების პრინციპები, ანუ განსაზღვრულია გარიგებისთვის საჭირო მინიმალური თანხის მოცულობა. ბირჟაზე პატარა თანხით კურსს ვერ შეცვლიდი.

"ვალუტის კურსი სამართლიანი მაშინ არის, როდესაც კონცენტრაცია კეთდება მოთხოვნა-მიწოდებაზე და მოცულობა დიდია. "ბლუმბერგის" სისტემაში პატარა თანხამაც შეიძლება კურსის ცვლილება გამოიწვიოს, მაგალითად, მოლაპარაკებით, სპეკულაციური თავდასხმებით და ა.შ. დღეს "ბულმბერგის" სისტემაში კონტროლის მექანიზმი არ არსებობს",- ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი და განმარტავს, რომ "ბულმბერგსა" და სავალუტო ბირჟას შორის კარდინალური სხვაობაა ის, რომ ბირჟებზე პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა.

ბირჟაზე ყველას აქვს შესაძლებლობა დაინახოს, რა მოცულობით მიდის ვაჭრობა, რა დოზით ერევა ეროვნული ბანკი, რამდენი ბანკი მონაწილეობს. ამ შემთხვევაში კონფიდენციალურობიდან გამომდინარე დახურულია მხოლოდ ინფორმაცია - რომელმა ბანკმა რომელი და რამდენი ვალუტა იყიდა.

"რეალურად, კურსის მერყეობისას "ბლუმბერგის" სისტემის ასეთი ჩაკეტილობა და არაინფორმირებულობა სავალუტო ტენდენციებზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან კომპანიებმა, სპეციალისტებმა, მოსახლეობამ არ იცის, რა ხდება სავალუტო ბაზარზე. ამ შემთვხევაში ჩნდება აჟიოტაჟური მოლოდინი, რამაც შეიძლება გაცილებით მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს. ასეთი მოლოდინი დამატებით ზეწოლას ახდენს ლარზე. სრულიად დასაშვებია სპეკულაციებიც. ჩვენთან სავალუტო რესურსი საბანკო სისტემაშია. ორ ბანკს უკავია მთელი ქვეყნის სავალუტო რესურსების 70 პროცენტი. საქმე გვაქვს ოლიგოპოლიასთან, როდესაც სრულიად დასაშვებია მოლაპარაკება, გარკვეული შეთანხმება", - ამბობს ხომიზურაშვილი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, დახურულ "ბლუმბერგის" სისტემაში კურსის დადგენისას სპეკულაციისა და კურსის ხელოვნური განსაზღვრის საკმაოდ დიდი რისკი არსებობს.

"საქართველოში ვალუტის კურსი განისაზღვრება რამდენიმე ბანკის ვაჭრობის შედეგად დახურულ სავალუტო ბირჟაზე, სადაც სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება. ეს უსამართლობაა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ბანკების გარდა ფინანსური ინსტიტუტებიც არსებობენ, რომლებსაც შეხება აქვთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვასთან. შესაბამისად, სავალუტო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობა მათაც უნდა ჰქონდეთ, რის შედეგადაც კურსი უფრო სამართლიანი იქნებოდა და რისკიც შემცირდებოდა", - ამბობს შოთა გულბანი.

სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილ წევრს მიხეილ თოქმაზიშვილს. იგი აღნიშნავს, რომ მართალია "ბლუმბერგის" სისტემაში მხოლოდ კომერციული ბანკები მონაწილეობენ, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია არა ცვალებადი ვალუტა, არამედ სტაბილური კურსი.

"თუ ისინი ერთ შემთხვევაში შეეცდებიან სპეკულაციური კურსით მოიგონ რამე, მეორე შემთხვევაში აუცილებლად წააგებენ. გამორიცხულია, რომ კომერციული ბანკები კურსთა მერყეობით იყვნენ დაინტერესებულნი. გარდა ამისა, "ბლუმბერგის" სისტემაში უფრო გაშლილია ვალუტის მიწოდება, ბირჟაზე ეს შეზღუდული იყო", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

სებ-ის როლი კურსის ფორმირებისას

ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების რამდენიმეთვიან პერიოდში, კურსის ფორმირებისას ეროვნულ ბანკს კანონი არ დაურღვევია. მეორე საკითხია, რამდენად პროფესიონალურად მოიქცნენ ბანკის მმართველები და გამოიყენეს თუ არა მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ლარის მასშტაბური გაუფასურების თავიდან ასაცილებლად. სებ-ის შეცდომა იყო ის, რომ თავის დროზე არ გამოიყენა ინტერვენციები, რომელიც კურსის დარეგულირებას შეუწყობდა ხელს.

"შემდგომში შეიძლება უფრო მეტი დოლარი გაყიდა, მაგრამ ამ ინტერვენციებს ისეთი ძალა აღარ ჰქონდა", - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკს მოსალოდნელი რისკის დაზღვევისთვის არაფერი გაუკეთებია. კერძოდ, საქართველოში იყო შემუშავებული სავალუტო კურსის დაზღვევის სისტემა, როდესაც ბანკს ან კომპანიას შეეძლო დაედო ფიუჩერსული გარიგებები დოლარსა და ლარზე ან ევროსა და ლარზე, ანუ ე.წ. ჰეჯირების მექანიზმი, რომელიც დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მუშავდებოდა, თუმცა საქაღალდეები თაროზე შემოიდო. "ბლუმბერგის" სისტემას მინდობილ ეროვნულ ბანკს ამ სისტემის ამოქმედება არც უფიქრია.

"ამიტომაც, შეიძლება, 10 ათას დოლარად სავალუტო კურსი აბურთავო როგორც გინდა და ამის პატრონი არავინ არის. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, მაგრამ შემმოწმებელი ვინაა? ბიძინა ივანიშვილმა ლარს ჯანსაღი უწოდა, თუმცა ჩვენი ვალუტა დიდი ხანია ჯანმრთელად აღარ არის. როდესაც საგარეო დიდი წნეხია, დასუსტებულ ვალუტას ოდნავი ბიძგი სჭირდებოდა წასაქცევად. შეიძლება პატარა სპეკულაციური მომენტიც ყოფილიყო და შემდეგ ეს ტენდენციურად აგორდა. თავის დროზე, როდესაც სოროსმა დაინახა, რომ ფუნტი სტერლინგი დასუსტდა, დაიწყო მისი გაყიდვა. შემდეგ გაჩერდა, მაგრამ ტენდენცია დომინოს პრინციპით წავიდა. ბოლოს ამ კრიზისზე მთელი მსოფლიო გადაერთო. ისედაც დასუსტებულ ლართან დაკავშირებითაც შეიძლება პატარა ბიძგი ყოფილიყო, რაღაც სპეკულაციური მომენტიც და ეს უკვე კატასტროფულ გაუფასურებაში გადაიზარდა", - ამბობს ხომიზურაშვილი.

იგი "პატარა ბიძგში" ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდასაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ლარსა და დოლარს შორის თანაფარდობა მკვეთრად დაირღვა, ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში დამატებით ლარის მასა გაუშვა. ასეთ პოლიტიკას სებ-ი ახლაც აგრძელებს.

"ბალანსი დაირღვა. შეიძლება ამ ყველაფერს "განზრახ"დავარქვათ ან არ დავარქვათ, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბანკები ამ ფულს რეზერვისთვის იყენებენ. მე როგორც ბანკირი გეუბნებით - ეს არის სისულელე! ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყველას გვთვლის იდიოტად! ასეთი რამ არ არსებობს. მან თუ არ იცის, წავიდეს და წაიკითხოს საბანკო ლიტერატურა. მეორე - ნებისმიერი რეფინანსირების სესხი მოკლევადიანია და ბრუნდება, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რამდენი გასცა, მთავარია, ნაშთი როგორ გაიზარდა", - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

შოთა გულბანის აზრით კი, ეროვნულ ბანკს თავის დროზე რომ გამოეყენებინა მის ხელთ არსებული მექანიზმი, ლარის კურსი არსებულ დონემდე არ გაუფასურდებოდა. "დღეს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უნდა იყოს 1,98-2,1-ის ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა", - ამბობს შოთა გულბანი.

სპეციალისტები დასძენენ, რომ მათ არ მოუსმენიათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან დეტალური კვალიფიციური ახსნა-განმარტება, თუ რამ განაპირობა ფულის მასის ზრდა, მათ შორის, რეფინანსირების სესხებზე. კომპეტენტური კითხვების დასასმელად არც პარლამენტის დეპუტატებს აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"