ხმაურზე ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ პროექტი პარლამენტშია წარდგენილი

თბილისის საკრებულოში მომზადებული პროექტი, რომელიც დადგენილ ნორმატივზე მეტ ხმაურზე ადმინისტრაციულ ჯარიმებს აწესებს, განსახილველად პარლამენტში შევიდა.

კანონპროექტის ავტორია თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, პარლამენტში ინიცირება კი, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა განახორციელა. დაგეგმილია ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და კოდექსისათვის ახალი მუხლის დამატება.

კერძოდ, პროექტის მიხედვით, "ხმაური, დღის საათებში, რომლის დონე დადგენილ ნორმატივს აღემატება, თავისი ხასიათით არის განგრძობადი და შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს პირის ჯანმრთელობაზე ან საყოფაცხოვრებო პირობებზე − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის და დაწესებულების – 500 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი ღამის საათებში − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარით, იურიდიული პირის და დაწესებულების – 1000 ლარით. ამასთან, აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული ჯარიმების ორმაგი ოდენობით".

პროექტის მიხედვით, "დღის საათებად" ითვლება დროის მონაკვეთი 07:00 საათიდან 23.00 საათამდე, ხოლო "ღამის საათებად" − დროის მონაკვეთი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური, მისი ინტენსივობის გათვალისწინებით, სხვადასხვა დაავადებათა წყაროს წარმოადგენს. მაგალითად, 100 დეციბელზე მაღალი ინტენსივობის ხმაური იწვევს სმენის დაქვეითებას, სრულ სიყრუემდე. ღამით, 50 დბ ინტენსივობის ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა დაავადება. 42 დბ ინტენსივობის ხმაური ავითარებს უძილობას, ხოლო 35 დბ ხმაური საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი ადვილად გაღიზიანებადი გახდეს. ხმაური, ძილის დროსაც კი, იწვევს სისხლში ისეთი სტრესული ჰორმონების დონის მატებას, როგორიცაა: კორტილოზი, ადრენალინი, ნორადრენალინი", - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს ერთვის თან.

ხმაურის დასაშვები ნორმატივები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, მაგრამ ნორმატივების დარღვევისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის.