რომელი მიმართულებებია ყველაზე მოთხოვნადი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, აბიტურიენტთა განცხადებების მიხედვით, ტენდენცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეცვლილა

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მიმართულებად ბიზნესის ადმინისტრირება რჩება. პოპულარულ სასწავლო პროგრამებს შორისაა სამართალი და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებებიც. თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებამ - ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 14 სპეციალობაზე სტუდენტთა სრული კურსის დაფინანსების შესახებ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა.

ნინო დევიძე თსუ-ს მესამე კურსის სტუდენტია. არჩევანი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაზე სწორედ სწავლის საფასურიდან გამომდინარე შეაჩერა. "ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ვინაიდან სამედიცინო ინსტიტუტში სწავლა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რისი საშუალებაც ჩემს ოჯახს არ ჰქონდა, არჩევანი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაზე შევაჩერე", - ამბობს ნინო დევიძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, აბიტურიენტთა განცხადებების მიხედვით, ტენდენცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეცვლილა და პირველ ადგილს კვლავ ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტები იკავებს.

მოთხოვნადი ფაკულტეტები ორი რამის მიხედვით ირკვევა - განცხადებების მიხედვით, სადაც აბიტურიენტის რეალური სურვილი ჩანს და უფასო ფაკულტეტების მიხედვით, რის გამოც სტუდენტთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.

თიკო გურაშვილი