დავით ნარმანია: I კვარტლის განმავლობაში ბიუჯეტით გაწეული ხარჯები, წინასწარი მონაცემებით, 190 მილიონ ლარს შეადგენს

2015 წლის I კვარტლის განმავლობაში ბიუჯეტით გაწეული ხარჯები, წინასწარი მონაცემებით, 190 მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

თბილისის მთავრობის სხდომის დასაწყისში დავით ნარმანიამ 2015 წლის I კვარტალში ბიუჯეტით გაწეულ ხარჯებზე განცხადება გააკეთა. ნარმანიამ მთავრობის წევრებს აღნიშნული პერიოდის წინასწარი ფინანსური მაჩვენებელი გააცნო. "2015 წლის I კვარტლის განმავლობაში ბიუჯეტით გაწეული ხარჯები წინასწარი მონაცემებით, 190 მილიონი ლარია, რაც 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 2014 წელს (131 მილიონი ლარი). 2013 წელს იყო 105 მილიონი ლარი, 2012 წელს - 81 მილიონი ლარი. ანუ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ათვისების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს, რაც ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. ჩვენი საერთო დამოკიდებულება და ხედვა არის ის, რომ მაინც უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მერმა მადლობა გადაუხადა სამსახურების ხელმძღვანელებს და განაცხადა, რომ მეტი შედეგი უნდა დადონ დედაქალაქის განვითარებისათვის.