ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, პირველ კვარტალში ბიუჯეტი უმნიშვნელოდ, თუმცა პროფიციტულია

პირველ კვარტალში ბიუჯეტი უმნიშვნელოდ, თუმცა პროფიციტულია, რაც ნიშნავს, რომ ფისკალური სამსახურები კარგად მუშაობენ, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ინფორმაცია წარუდგინა.

ხადურის მტკიცებით, ასეთი მაღალი მაჩვენებლები წლის პირველ კვარტალში, პრაქტიკულად, არასდროს ყოფილა.  "პირველი კვარტლის შედეგები არის მართლაც ძალიან კარგი. საგადასახადო შემოსავლები წლიური გეგმის 24,1 პროცენტია. ასეთი მაღალი მაჩვენებელი წლის პირველ კვარტალში, პრაქტიკულად, არასდროს ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ფისკალური სამსახურები კარგად მუშაობენ. ბიუჯეტი არის უმნიშვნელოდ, მაგრამ - მაინც პროფიციტული. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ ბიუჯეტს არ ექნებოდა გაცვლით კურსზე გავლენა და ასეც არის, რადგან ამოვიღეთ უფრო მეტი თანხა, ვიდრე დავხარჯეთ. ამავე დროს, პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ხარჯვა არის 90 პროცენტზე მაღალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალია კაპიტალურ პროექტებში ხარჯვები, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს. გამოსწორებულია ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობაც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.