მსოფლიოში ნავთობის გაიაფებას ელიან, საქართველოში კი - არა

ლარის არასტაბილურობა მენავთობეებს გასაქანს არ აძლევს

ნავთობკომპანიებმა ”სუპერისა”  და ”პრემიუმის” ტიპის საწვავი 5-7 თეთრით გააძვირეს. ჯერჯერობით ნავთობიმპორტიორები ყველაზე მოხმარებადი ”რეგულარის” ტიპის საწვავის ფასის გაზრდაზე თავს იკავებენ, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედითაც რომ გაიზარდოს, გაუფასურებული ლარის პირობებში, ნავთობკომპანიებს დაბალი ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

”სუპერისა” და ”პრემიუმის” ტიპის საწვავი თითქმის ყველა ბრენდირებულმა ნავთობკომპანიამ გააძვირა. ”ლუკოილ ჯორჯიას”  ქსელში ყველაზე მეტად ”ევროსუპერი” გაძვირდა და მისი ფასი 1,87 ლარის ნაცვლად, 1,94 ლარი გახდა. 5 თეთრით გაძვირდა ”პრემიუმ ავანგარდის” კატეგორიის საწვავი და 1,84 ლარი შეადგინა, ევროდიზელის ფასი კი 1,84 ლარია (0,05%), უცვლელია მხოლოდ ”ევრორეგულარი” და მისი ფასი კვლავინდებურად 1,63 ლარია.

როგორც კომპანია ”ვისოლში” განაცხადეს, 5 თეთრით გაძვირდა ”ეკო სუპერი”, ”ეკო პრემიუმი” და ”ეკო დიზელი”. არსებული ინფორმაციით, ქსელში საწვავის გაძვირებას სხვა კომპანიებიც გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვიანი ფასების კლების შემდეგ პირველად საწვავის ფასმა 18 მარტს მოიმატა 5 თეთრით. ნავთობპროდუქტების მსხვილმა რეალიზატორებმა 2014 წლის აგვისტოდან მარტის შუა რიცხვებამდე საწვავზე ფასები დაახლოებით 55-60 თეთრით შეამცირეს.

ნავთობპროდუქტების კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ ”პრემიუმის” საწვავის გაძვირების მიუხედავად, რეგიონის მასშტაბით ამ ტიპის ბენზინი ყველაზე იაფი მაინც საქართველოშია. კერძოდ, აზერბაიჯანში, რომელიც მაღალი ხარისხის ბენზინის იმპორტიორია 1 ლიტრი პრემიუმის კატეგორიის ბენზინის ღირებულება 2,08 ლარია, სომხეთში - 2,15 ლარი, უკრაინაში - 2 ლარი. მთვრალაშვილის განმარტებით, იანვრის შემდეგ ბენზინის საერთაშორისო ფასი ”პლატცის” მიხედვით 130-150 დოლარის ფარგლებში გაიზარდა, ამასთან სტაბილურობას ვერ ინარჩუნებს ეროვნული ვალუტაც. შესაბამისად, ნავთობიმპორტიორებისთვის არსებული ფასების შენარჩუნება ძალიან რთულია.

მიუხედავად ამისა, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მოხმარებადი ”რეგულარის” კატეგორიის საწვავის გაძვირება, ჯერჯრეობით, დღის წესრიგში არ დგას. თუკი ”პლატცის” მიხედვით ბენზინის ღირებულება სამომავლოდ მცირედით მაინც გაიზრდება, ნავთობკომპანიები იძულებულები გახდებიან, ”რეგულარიც” გააძვირონ.

მოკლე პერიოდიანი გაძვირების შემდეგ, საწვავის საერთაშორისო ფასი ”პლატცის” მიხედვით სტაბილურობას ინარჩუნებს. ამ დროისათვის, 1 ტონა ბენზინის ღირებულება 582 დოლარია, დიზელი (ელ 61) - 491 დოლარი ღირს.  მსოფლიოში, ახლო მომავალში ნავთობის გაძვირებას არ ვარაუდობენ. ამერიკული დოლარი ისევ მყარ პოზიციებს ინარჩუნებს და ნავთობს გაძვირების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ნავთობის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ხელი შეუწყო ჩინეთიდან მიღებულმა სუსტმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა.

მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში საწარმოო აქტივობის ინდექსი მკვეთრად დაეცა. ეს კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანას პრობლემები აქვს. ექსპერტთა აზრით, ნავთობის მსოფლიო საცავები გადავსებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საცავები შევსებულია 70%-ით, ევროპული ნავთობსაცავები - 90%-ით, სამხრეთ აფრიკის, კორეისა და იაპონიის საცავები კი 80%-ით. ცარიელი საცავების ოდენობა უკვე ძალიან არასაკმარისია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს ახალი ტერმინალების მშენებლობა, ხდება ტანკერების დაქირავება, ჰიუსტონში გადაწყდა საცავად ძველი მარილის მაღაროებიც კი გამოიყენონ. ექსპერტების ვარაუდით, ამ ლოგიკით, მარაგის დიდი ოდენობა და საცავების სიმცირე, ასევე ნავთობის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აბსოლუტურად არაადეკვატური მაჩვენებელი აუცილებლად გამოიწვევს ნავთობის კიდევ უფრო გაიაფებას.

ნავთობის ფასზე წნეხი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკების გაჭიანურებამაც მოახდინა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადება - შეთანხმების ”დედლაინის” შესაძლო გადაწევის შესახებ, მომენტალურად აისახა ნავთობის ფასზე და მან 2%-იანი ვარდნა განიცადა. თუკი სანქციები შეწყდება, იქმნება რეალური საფრთხე, რომ ირანი მოპოვების ოდენობას გაზრდის და ეს კი თავისთავად ნავთობის ფასს დაბლა დასწევს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”