ნოდარ ხადური KazTransOil-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახური კომპანია KazTransOil-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ყაზახური კომპანია KazTransOil-ის გენერალურმა დირექტორმა კაირგელდი კაბილდინმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრას კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სტუმრების მხრიდან საუბარი ასევე შეეხო ყაზახურ ჰოლდინგ Batumi Terminal Limited-ში შემავალ კომპანიებში: შპს "ბათუმის ნავთობტერმინალსა" და შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურში" ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და პრობლემის გადაჭრის გზებს.

როგორც შეხვედრაზე ყაზახური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ჰოლდინგში იგეგმება რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები, რომლის დასრულების შემდეგ, კომპანია მუშაობას და აღებული ვალდებულებების შესრულებას სრული დატვირთვით გააგრძელებს. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება და ორივე ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ, პარტნიორული ურთიერთობები გააუმჯობესონ და გააფართოონ.