”არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს ეროვნული ბანკის ქმედებების შესახებ, რაც მეტისმეტად სახიფათოა”

”დღესვე გავატარებდი უხისტეს ზომებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ჩათვლით”

- ბატონო ალექსანდრე, დაზუსტებული ინფორმაციით, გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 300 მილონამდე ლარი გამოიტანა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმოქცევაში დამატებითი ფულის გაშვებით ეროვნული ბანკი ისედაც ავადმყოფ ლარს უფრო მეტად აავადებს, რაზეც მთავრობა დუმილს ამჯობინებს. ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ლარის გაუფასურება მთავრობის ინტერესებშია, ვინაიდან ბიუჯეტი დამატებით შემოსავალს იღებს. ამ თემაზე უამრავი აზრი კი გამოითქვა, მაგრამ თქვენ აზრით, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ლარის გასაუფასურებლად მთავრობასა და სებ-ს შორის უსიტყვო შეთანხმება არსებობს? და კიდევ, ლარის კურსის პერსპექტივაზე რას იტყოდით?

- მართალი გითხრათ, არ მესმის, რატომ არსებობს ამ არც თუ ისე რთული პრობლების ირგვლივ ამდენი აზრი. სინამდვილეში, სიტუაცია საკმაოდ მარტივია. ნებისმიერი ვალუტის გაცვლითი კურსი ორ პარამეტრზეა დამოკიდებული: 1) მომოქცევაში მყოფი ეროვნული ვალუტის ბანკნოტების მასაზე და 2) ფართო ფულში ეროვნული და სარეზერვო ვალუტების მასების ფარდობაზე. ორივე პარამეტრის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა წინდახედული და გამჭრიახი პოლიტიკა უნდა გაატაროს. თუ მიმოქცევაში მყოფი ეროვნული ვალუტის ბანკნოტების მასა მცირე იქნება, მისი გაცვლითი კურსი კი იქნება მყარი და ძლიერი, მაგრამ ფულის მასის ნაკლებობამ შეიძლება ხელფასების, პენსიების და სხვა გადახდების დაგვიანება გამოიწვიოს. რა ხდება დღეს: მიდით ნებისმიერ ბანკომატთან და ანგარიშიდან მოხსენით ნებისმიერი თანხა ლარებში. თქვენ, როგორც წესი, ახალ ბანკნოტებს მიიღებთ. ეს კი ნიშნავს, რომ ფულის ბრუნვა არ არის კარგი. ამაზე უნდა იფიქროს ეროვნულმა ბანკმა და არა რეინვესტირების სესხებზე. ოქროს შუალედი უნდა გამოინახოს. ნებისმიერი სხვა ლოზუნგები არაადეკვატურია. ეროვნული ბანკის საქმე არ არის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა - ეს მთავრობის საქმეა. ეროვნულმა ბანკმა ფართო ფულს უნდა მოუაროს. ასე გააკეთა, მაგალითად, ირაკლი მანაგაძემ 1998 წლის სავალუტო კრიზისის დროს.

- ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განაცხადა - "ეროვნული ბანკის ქმედებებმა ვალუტის კრიზისამდე მიგვიყვანა". დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად ქადაგიძის კრიტიკა იმას ხომ არ უნდა ნიშნავდეს, რომ 2016 წელს, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, არც მას და არც სხვას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ თანამდებობას შეინარჩუნებს?

- როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, ეს კრიტიკა სავსებით სამართლიანია. ირაკლი მანაგაძე აქვეყნებდა ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს და ჩვენ ადვილად შეგვეძლო, გაგვეანალიზებინა ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა "სახელმწიფო საიდუმლოებად" გადაიქცა და ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია ეროვნული ბანკის ქმედებების შესახებ. ეს კი მეტისმეტად სახიფათოა - მილიონები შეიძლება გაირეცხოს და სხვადასხვა ანგარიშებზე დაგროვდეს, მათ შორის - პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე. ამიტომ 2016 წელს არ დაველოდებოდი და დღესვე გავატარებდი უხისტეს ზომებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ჩათვლით.

- "მარგველაშვილი ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს",- განაცხადა ექსპრემიერმა. მან ასევე საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტი 16 ათას კვადრატულ მეტრ რეზიდენციაში საქმიანობს. ამავე თემაზე საუბრისას მან დასძინა - "მე უკვე გავაკეთე მინიშნება". იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტს მისთვის შეთავაზებულ, ათონელზე მდებარე გარემონტებულ შენობაში გადასვლაზე უარი აქვს ნათქვამი, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ექსპრემიერის შენიშვნას გაგრძელება მოჰყვეს? ანუ, გააქტიურდება საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი ათონელზე უნდა გადავიდეს?

- ბატონ პრეზიდენტს გუნდის წევრად არ ჩავთლიდი, მან პრეზიდენტობის პირველივე დღიდან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. ასე რომ, ბატონი ივანიშვილის შენიშვნები დაგვიანებულია.

იხილეთ სრულად