მომხმარებელი გაზრდილ ფასზე ჩივის, მოვაჭრეები კი კლიენტების სიმცირეზე

რეპორტაჟი ნავთლუღის ბაზრიდან

აღდგომის დღესასწაულამდე მცირე დრო რჩება. თუმცა, აღდგომამდე ბაზრის მოვაჭრეები პროდუქტებზე ფასების გაზრდას პროგნოზირებენ.

"დღეს რომ პომიდორი 3, 50 ლარი ღირს, ხვალ მისი ფასი 4 ლარი იქნება," - გვითხრა ნავთლუღის ბაზრის გამყიდველმა. თუმცა, დღესასწაულის შემდეგ პროდუქტებზე იგივე ფასები შენარჩუნდება თუ არა, ამის თქმა უჭირთ.

ეროვნული ვალუტის კრიზისმა მთავარი ფინანსური დარტყმა მოსახლეობის იმ ფენას მიაყენა, ვინც ბაზრის ხშირი მომხმარებელია. მოვაჭრეები კლიენტების სიმცირეს, ხოლო მომხმარებელი გაზრდილ ფასებს უჩივის.

bpn.ge ნავთლუღის ბაზარში იმყოფებოდა, რომელიც თბილისში არსებული ბაზრებიდან სიიაფით გამოირჩევა. რეპორტაჟის მომზადებისას პროდუქტების გაძვირებულ ფასებთან ერთად თვალშისაცემი იყო კლიენტების სიმცირე. მიუხედავად იმისა, რომ აღდგომამდე სულ რაღაც სამი დღეა დარჩენილი, ბაზარში წინა წლების მსგავსად ხალხმრავლობა არ არის.

"ჩვენისთანა გაჭირვებული ხალხისთვის ასეთი ბაზრობა შეღავათი იყო და ესეც გაგვიძვირეს. ფასები ყოველდღე მატულობს. ვცდილობ ეკონომია გავაკეთო, მაგრამ ფულს ძალა აღარ აქვს. ხანდხან 20 ლარი ისე შემომეხარჯება, თითქმის ვერაფერს ვყიდულობ. ბანკის ვალი როცა გაქვს, ჭამაზე ბევრს ვეღარ დახარჯავ. ვცდილობთ ბავშვებს ხორცი, რძის ნაწარმი არ მოვაკლოთ. უფროსები ბოსტნეულით იოლად გავდივართ. თუმცა, ეს ბოსტნეულიც რომ იაფი აღარ არის? მგონი მხოლოდ ჭარხლის ფოთლები და ისპანახი ღირს 50 თეთრი. ასეთი ცხოვრება დაგვიდგა", - გვითხრა 45 წლის მანანამ.

ლერი, 40 წლის: "გარკვეული პროდუქტები წინასწარ მოვიმარაგეთ. გუშინ "ელიავაზე" საქონლის ხორცი 11 ლარად ვიყიდე. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, ხალხი ბაზარშიც აღარ ივლის. ჯერ ისედაც შემცირებულია კლიენტების რაოდენობა, ამას თქვენც ხედავთ. დოლარის კურსს დაწევის პირი არ უჩანს და რა იქნება, არ ვიცი."

მომხმარებლებთან გასაუბრების შემდეგ, პროდუქტების ფასებსაც გავეცანით: ნავთლუღის ბაზარში კვერცხის ფასი 25-დან 30 თეთრამდე მერყეობს, კარტოფილი 0,70-1 ლარი, სოკო 4 ლარი, ბადრიჯანი - 3 ლარი, ხახვი - 1, 20 ლარი, სტაფილო - 80 თეთრი, ჭარხალი - 1 ლარი.

რაც შეეხება ხილს - ფორთოხალი - 2 ლარი, ვაშლი 1, 50-2, 50 ლარი, თუმცა, თუ ბაზარს კარგად მოივლით, 0,50-0, 70 ლარშიც შეხვდებით, ოღონდ დაჭიანებულს და მომცრო ზომის. გამყიდველთა თქმით, ქართული ვაშლი შედარებით იაფია, რასაც შემოტანილზე ვერ ვიტყვით. ზოგჯერ მათი ფასი 3 ლარსაც აღემატება. ერთი კილოგრამი ბანანი 5 ლარი ღირს, გადამწიფებული კი 3, 50 ლარი ღირდა.

ერთადერთი რაც გაიაფადა, მწვანილია - ერთი კონის ფასი 10 თეთრიდან იწყება. რაც შეეხება კიტრსა და პომიდორს,  მათი ფასი 3-დან 3,50 ლარამდე მერყეობს, თურქული კი 2-2, 50 ლარი ღირს.

რაც შეეხება რძის ნაწარმს, ერთი ლიტრი რძე კვლავ ორი ლარია, ყველის ფასი 8-დან 15 ლარამდე მერყეობს, სულგუნი - 13 ლარია. ხაჭო, ნადუღი - 5-6 ლარი ღირს.

"ყველზე ფასს აღარ მოვუმატებ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ფასი ისედაც დაიწევს. თუმცა, კლიენტი მაინც არ არის. ჯერ არ მახსოვს ასეთი ბაზარი, თანაც წინასააღდგომო პერიოდში. ვეღარ ვვაჭრობთ. დღე შეიძლება ისე გავიდეს, რომ ხანდახან ვერც ვერაფერი გავყიდო. დოლარის კურსის აწევამ ძალიან დაგვაზარალა. ჯერჯერობით საიმედო არაფერი ჩანს," - გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ბოლოს ხორცის დახლისკენ გადავინაცვლეთ. საქონლის ხორცის ყიდვა 11 ლარიდან არის შესაძლებელი, ღორის ხორცი -10 ლარი ღირს, ხოლო გაყინული - 8 ლარი. ჯიგარი - 5 ლარი, ფარში - 8 ლარი. სოფლის ქათამი - 5 ლარი, ხოლო ფერმის ქათმების ფასი 6-დან 7 ლარამდე მერყეობს.

"სანამ პროდუქტებს შევიძენ, მანამდე მთელ ბაზრობას შემოვირბენ, ფასებს გადავამოწმებ და შემდეგ სადაც იაფად აქვთ, იქ ვყიდულობ. რა თქმა უნდა, ბაზარი გაძვირდა. ასტრონომიული ფასებია. ადრე 10 ლარად კარგ სადილს ვაკეთებდი, ახლა 10 ლარად ბევრი არაფერი მომდის", - გვითხრა ლუიზა სამხარაძემ.

რეპორტაჟის დასასრულს ბაზრის ყველაზე ტკბილ კუთხეში გადავინაცვლეთ - ჩირისა და ნიგვზის დახლებს კლიენტი ნამდვილად აკლდა. პრაქტიკულად, ჩვენი იქ ყოფნისას იქაურობისკენ კლიენტს არ გაუხედავს.

"შარშანდელიდან მოყოლებული ნიგოზი ძვირი ღირს. ფასი ერთი ლარითაც კი არ გაიაფებულა. 20, 25 ლარი ღირს. შედარებით იაფია შავი ნიგოზი - 17 ლარი. თუმცა, მყიდველი არ გვყავს. ხალხი ისედაც გაჭირვებული იყო და ამ დოლარმა მთლად გააუბედურა",- ამბობენ მოვაჭრეები.

სალომე გოგოხია