დეპოზიტებსა და კრედიტებს შორის სხვაობით საქართველო ლიდერია

დღეს საქართველოში კრედიტი თითქმის 3-ჯერ ძვირია, ვიდრე დეპოზიტი.

კომერციული ბანკები ანაბრებზე წლიურ საპროცენტო განაკვეთს ამცირებენ. კრედიტები დეპოზიტებზე თითქმის 3-ჯერ ძვირია. სპეციალისტთა განცხადებით, მაღალი სპრედით (კრედიტების საპროცენტო განაკვეთებსა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა) საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მათივე თქმით, სპრედის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ საბანკო ბაზარი ნაკლებად კონკურენტულია.

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან აღნიშნულ ვალუტებში, ფიზიკური პირების მიერ გახსნილი შემნახველი ანაბრების წლიური საპროცენტო განაკვეთი 4%-დან დოლარის შემთხვევაში 3%-მდე, ევროში კი 2%-მდე მცირდება. ამის მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება სახელდება. ზოგიერთ ბანკში ანაბრის საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 2%-ია, რაც შეეხება ევროსა და დოლარს, ფიზიკური პირები ამ შემთხვევაში, წლიურად 1%-იან სარგებელს მიიღებენ.

თებერვალში ეროვნული ბანკის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი ისედაც შემცირებული იყო. კერძოდ, დეპოზიტებზე წლიურმა საშუალო საპროცენტო განაკვეთმა დაიკლო 0,67 პროცენტული პუნქტით და 5,6% შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სისტემაში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10,8%-ია, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე - 15,1%.

სპეციალისტების განცხადებით, სპრედის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ საბანკო ბაზარი ნაკლებად კონკურენტულია. მსხვილი საბანკო ინსტიტუტები თავიანთ დომინანტურ პოზიციას თავისთვის სასიკეთოდ იყენებენ და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას არ ცდილობენ.

მაკროეკონომიკის სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე ამბობს, რომ აღნიშნული მონაცემებით, კრედიტებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა სოლიდურია. ”საერთოდ, კრედიტის ღირებულება ისე ითვლება, როგორც პურის”, - ამბობს ვაჟა კაპანაძე.

კერძოდ, კრედიტის პირველი მდგენელია მოზიდული სახსრების საპროცენტო განაკვეთი. შემდეგ ამას ემატება, სარეზერვო პროცენტი, რომელსაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, შემდეგ გასათვალისწინებელია საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი, რასაც ემატება ბანკის ხარჯი და მოგება.

ვაჟა კაპანაძის განცხადებით, კლასიკურად, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთში ბანკის წმინდა მოგების წილი 0,5%-დან 1,5%-მდეა.

”სამწუხაროდ, ჩვენთან ამას ემატება რისკის კოეფიციენტი. ასე შედგება საპროცენტო განაკვეთი, თუმცა ყველა ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით კრედიტებზე 15%-იანი საპოცენტო განაკვეთი მაინც მაღალია. ეს მიუთითებს, რომ საქართველოში საბანკო კონკურენცია სუსტია და ”პარადი” აქ რამდენიმე ბანკს მიჰყავს”, - ამბობს ექსპერტი.

მისი აზრით, კარგი იქნება თუკი საქართველოში, რომელიმე ცნობილი, ტოპ-ათეულში შემავალი ბანკი შემოვა. ძლიერი ბანკი კონკურენციას უფრო გააძლიერებს და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მეტი შანსი გაჩნდება.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის, მიხეილ თოქმაჯიშვილის განმარტებით, ბანკებს ფინანსური რესურსების მიღების რამდენიმე ძირითადი წყარო აქვთ. თუკი ბანკი დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთს ამცირებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ ფინანსური რესურსების მიღება სხვა წყაროებიდან გაზარდეს - ეს შეიძლება იყოს რეფინანსირების სესხები ან უცხოური ბანკებიდან მოზიდული კრედიტები.

”სპრედის ზრდა თავისთავად კარგი მაჩვენებელი არ არის, რამეთუ, ფაქტობრივად, იგი აღნიშნავს ფინანსური რესურსების მოძრაობის რისკიანობას. სხვა ასპექტით, კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები შესაძლებელია სამეწარმეო გარემოებით იყოს განპირობებული”, - ამბობს მიხეილ თოქმაჯიშვილი და დასძენს, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში კონკურენციის პრობლემა არ არსებობს.

”ვერ ვიტყვი, რომ აქ დაბალი კონკურენციაა და ბანკებს ეს სფერო მონოპოლიზირებული აქვთ. ნამდვილად არსებობს კონკურენცია, მაგრამ რამდენადაც ფინანსური რესურსი ძალიან მოთხოვნადია, სწორედ ეს არის კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის განმსაზღვრელი”, - ამბობს თოქმაჯიშვილი.

ფაქტობრივად, დღეს საქართველოში კრედიტი თითქმის 3-ჯერ ძვირია, ვიდრე დეპოზიტი. გამოდის, რომ სხვაობა სესხის საშუალო საპორცენტო განაკვეთსა და დეპოზიტის საშუალო განაკვეთს შორის, ანუ სპრედი არის 11%. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სპრედის მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. განვითარებად სამყაროში იგი 4-5%-ის ფარგლებშია, ხოლო 8-9%-ზე მეტი მსოფლიოს ყველაზე განუვითარებელ სახელმწიფოებშია.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”