სამსახურებრივი რეკეტი - ანუ როგორ ართმევენ ხალხს დაუბეგრავ მინიმუმს

რა უნდა ქნათ მაშინ, თუკი თქვენთვის განკუთვნილ დაუბეგრავი მინიმუმის თანხას თქვენი უფროსი იღებს და პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში სამსახურიდან გაგდებით გემუქრებათ?

- საუბარი უნდა ჩაიწეროთ და თქვენს გამომძალველ დამსაქმებელს უჩივლოთ. შედეგად, თქვენ კუთვნილი თანხა დაგრჩებათ, უფროსი კი ციხეს 3 წლის "ესტუმრება."

ამ რჩევას იურისტები იმ მოქალაქეებს აძლევენ, რომელთაც არაკეთილსინდისიერ და კანონის დამრღვევ დამსაქმებლებთან უწევთ მუშაობა. ასეთი ადამიანების რიცხვი კი, როგორც აღმოჩნდა, არცთუ ცოტაა. მოგეხსენებათ, 2013 წელს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა. იგი დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, მაქსიმუმ, 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს. კერძოდ, თუ წლის განმავლობაში თქვენ მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, სახელმწიფო 360 ლარს დაგიბრუნებთ, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას კონკრეტული თანხის 20 პროცენტი ექვემდებარება.

ამ ინიციატივით შარშან დაახლოებით 400 ათასამდე დაბალშემოსავლიანმა გადამხდელმა ისარგებლა. იგივე განმეორდა წელსაც და 1 აპრილიდან სახელმწიფომ დასაქმებულთა ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა დაიწყო. პროცესი 30 სექტემბრამდე გასტანს. დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ელექტრონულ დეკლარაციას ავსებს და მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციას აქვე იღებს.

"რეზონანსისათვის" ცნობილი გახდა, რომ თბილისში კერძო დაწესებულებებსა თუ მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ზოგიერთი დამსაქმებელი დაუბეგრავი მინიმუმის მათთვის მიტანას უკვე მეორე წელია სთხოვს და არწმუნებს, რომ ეს მათი თანხაა, ვინაიდან თანამშროლების ხელფასისათვის საშემოსავლოს სახელმწიფოს სწორედ ისინი უხდიან.

"რეზონანსი" რამდენიმე დაზარალებულს ესაუბრა, თუმცა ვინაობის გამხელა არცერთმა არ ისურვა, რადგან, როგორც ამბობენ, ამ შემთხვევაში უცილობლად გამოემშვიდობებიან სამსახურს.

ქალბატონი, რომელმაც სახელი და გვარი სწორედ ამ მიზეზით არ გვითხრა, თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სუპერმარკეტის ხილ-ბოსტნეულის სექციაში მუშაობს. მისი ხელფასი თვეში დაახლოებით 300 ლარია. ამბობს, რომ შარშანაც და წელსაც იმ თანხის უფროსობისთვის მიცემა მოუწია, რომელიც სახელმწიფოსგან დაერიცხა. გაპროტესტებას ვერ ბედავს, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინია.

"ვიცი, რომ უკანონოდ იქცევა, შეიძლება დასაჭერიც კი არის, მაგრამ რა ვქნა, ეგ რომ დაიჭირონ, უსამსახუროდ დავრჩები და თუ არ დაიჭერენ, თავად გამაგდებს. მარტოხელა დედა ვარ, ორი პატარა ბავშვი მყავს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა შვებაა ჩემთვის 360 ლარი, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს?! უხელფასოდ და უსამსახუროდ დარჩენას, მირჩევნია ეგ თანხა ისევ ჩემს უფროსს მივუტანო," - გვეუბნება ქალბატონი.

იგივე პრობლემა აქვს ჩვენს შემდგომ რესპონდენტსაც, რომელიც ვინაობას წინამორბედის მსგავსად, სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ გვიმხელს და ვერც იმ საწარმოს დასახელებას გვეუბნება, რომელშიც უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.

იხილეთ სრულად