ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტი 2,5 მილიარდი დოლარი იქნება

ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო ტურნე 14 აპრილს, აიოვას შტატიდან დაიწყება.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და პირველი ლედის ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტი სავარაუდოდ, 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

”ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, თანხის დიდი ნაწილის მიღებას აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი თავისი მომხრეების შემოწირულობებიდან, ასევე დემოკრატიული პარტიისგან გეგმავს.

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰილარი კლინტონი წინასაარჩევნო კამპანიაში 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, რაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინასაარჩევნო ბიუჯეტზე მეტი იყო. 2012 წელს ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტი 716 მილიონი დოლარი იყო.

12 აპრილს ჰილარი კლინტონმა ოფიციალურად განაცხადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

”საპრეზიდენტო რბოლაში ვერთვები. ამერიკელებს ყოველ დღე სჭირდებათ ჩემპიონი და მინდა, სწორედ მე ვიყო ეს ჩემპიონი”, - ნათქვამია ვიდეორგოლში, სლოგანით ”ჰილარი ამერიკისთვის”, რომელიც ჰილარი კლინტონმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

67 წლის ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო ტურნე 14 აპრილს, აიოვას შტატიდან დაიწყება.