2014 წლის მარტთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 23.5 %-ით შემცირდა

2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 23.5 %-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტის თვეში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სებ-ის ინფორმაციით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 202.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 28.4 მლნ აშშ დოლარით (62.2 მლნ ლარით), ანუ 23.5 %-ით ნაკლებია 2014 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6% იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 % მოდიოდა. იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასეთია: რუსეთი (34.3 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (14.3 მლნ აშშ დოლარი), იტალია (8.9 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (6.6 მლნ აშშ დოლარი).

სებ-ის ინფორმაციით, 2015 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.4 მლნ აშშ დოლარი (33.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.2 მლნ აშშ დოლარისა (24.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.