ევროკავშირმა უკრაინისათვის 1,8 მილიარდი ევროს დახმარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირმა უკრაინისათვის 1,8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროკომისია იტყობინება.

კიევისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ დოკუმენტს ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა და ევროსაბჭოს მხრიდან ლატვიის ევროპის საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ მოაწერეს.

"ევროკომისია იმედოვნებს, რომ ამ პროცესს მომავალი კვირების განმავლობაში დაასრულებს, რათა უკრაინას 600 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში საზაფხულო არდადეგებამდე გადაერიცხოს", - წერია ევროკომისიის განცხადებაში.

1,8 მილიარდი ევრო კიევს მაკროფინანსური დახმარების სახით გადაეცემა. აღნიშნული თანხა უკრაინამ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რეფორმების განხორციელების მიზნით უნდა დახარჯოს.