ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები. ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მენო შნელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მასუდ აჰმედს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრანკ ჰემსკერკს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს დიმიტრის ციცირაგოსს, მსოფლიო ბანკის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს კეიკო ჰონდას, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლორა თაკს შეხვდება.

ასევე, გაიმართება მოლაპარაკებები სარეიტინგო კომპანიების Moody's-ის S&P-ისა და Fitch-ის, სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიების, მათ შორის, J.P Morgan-ის, CitiBank-ის, წარმომადგენლებთან და სხვა. ვიზიტის ფარგლებში ნოდარ ხადური ასევე შეხვდება უკრაინელ კოლეგას - უკრაინის ფინანსთა მინისტრს ნატალია ჯარესკოს და კოლეგებს აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროდან.

ფინანსთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში 21 აპრილს დასრულდება.