”რუსულ კომპანიებს ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხის ხარჯზე ამდიდრებენ”

ყოველკვირა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით 42 ავიარეისი შესრულდება

საავიაციო საკითხებზე რუსეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკება დასრულდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ყველას ინტერესი დაკმაყოფილდა, მათ შორის, ქართული ავიაკომპანიების. ”ჯორჯიან ეარვეიზში” კი აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ ქართული ავიასივრცე რუსეთს გადააბარა და ამ საკითხით ქვეყნის პარლამენტი უნდა დაინტერესდეს.

ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსკოვი-თბილისის საავიაციო ხაზზე კვირაში ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 21 სიხშირე განისაზღვრა. გარდა ამისა, რეგულარული რეისები რუსეთის კიდევ 6 ქალაქში შესრულდება. სამინისტროში განმარტეს, რომ მოსახლეობას საშუალება მიეცემა, თავისუფლად დაგეგმონ მგზავრობა და ისარგებლონ კონკურენტული გარემოთი. სამინისტროში აღნიშნული გადაწყვეტილების გამოისობით ტურისტული ნაკადის ზრდასაც ელოდებიან.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე აღნიშნავს, რომ გაჭიანურებული კონსულტაციების შემდეგ, საბოლოო შეთანხმება შედგა. ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მგზავრთა ნაკადი 49%-ით გაიზრდება და ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი.

”აღნიშნული სიხშირეები სრულად იქნება ათვისებული. ქართული კომპანიების, მომხმარებლების, ქვეყნის ინტერესები - ეს ყველაფერი, ვფიქრობთ, ერთობლიობაში იქნება დაცული. პირველ რიგში, აქ საუბარია მომხმარებლებზე, ქვეყნის ინტერესზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე და რა თქმა უნდა, ქართული ავიაკომპანიების ინტერესებზე, რომ კონკურენტულ გარემოში შეძლონ მათ ამ მიმართულებით ფრენა”, - განაცხადა მიქელაძემ.

თბილისი-მოსკოვის გარდა შეთანხმება შედგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებს შორისაც, კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული რეისები რუსეთის 7 ქალაქში - მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი - განახორციელონ, ხოლო რუსული კომპანიები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით იფრენენ.

”ეს არის საბოლოო შეთანხმება. ქართული ავიაკომპანიების ინტერესის გარდა, ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებელთა ინტერესი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით ტურისტული ნაკადის ზრდა, რომელსაც ჩვენ ზაფხულის სეზონზე ველოდებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შეთანხმებული მეორე მხარესთან”,- განაცხადა მიქელაძემ.

რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს ცალმხრივად შეწყდა და 2010 წლიდან ქვეყნებს შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდებოდა. 2014 წლის 27 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა, თუმცა მხოლოდ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში, თბილისში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ, ფრენის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ზემოაღნიშნული მოლაპარაკებების შედეგია, რომ ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეიზს” უკვე მიეცა შესაძლებლობა, 2015 წლის 10 აპრილს დაეწყო რეისების შესრულება თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით. აპრილის ბოლოდან კი ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისი-სამარას მიმართულებითაც.

ავიაკომპანია ”აირზენა - ჯორჯიან ეარვეიზის” გენერალური დირექტორი კი ”რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ქართული ავიაკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნის ავიასივრცე რუსეთს გადააბარა. ”ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მხოლოდ რუსული ავიაკომპანიების, რუსეთის ფედერაციის ინტერესი. ასევე დაკმაყოფილდა ეკონომიკის სამინისტროს მესვეურთა სურვილი, რომლებიც ქართული ეროვნული ავიაკომპანიის გაკოტრებას მიზანმიმართულად ახორციელებენ. ისევე არავინ გაითვალისწინა ქართული ავიაციისა და ქართული კომპანიის ინტერესი”, - ამბობს იასე ზაუტაშვილი და აღნიშნავს, რომ გაუგებარია, თუ რა გათვლებს ეფუძვნება 10 სიხშირის ეტაპობრივად 21 სიხშირემდე გაზრდა.

ზაუტაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სამინისტროში ისე მიიღეს სიხშირეების გაზრდის გადაწყვეტილება, რომ მათთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. ”ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულ ეკონომიკას არანაირი სერგებელი არ ექნებოდა, ეს გამართლდა კიდეც. რა მგზავრთა ნაკადიც იყო წინა წლის ოქტომბერში, იგივე ნაკადია შენარჩუნებული. საერთო ჯამში, კვირაში იქნება 42 სიხშირე, რაც ნიშნავს დღეში 6 რეისს მოსკოვზე. კომუნისტების პერიოდში 7-8 რეისი სრულდებოდა. გაუგებარია, ამდენი რეისი რა საჭირო იყო ახლა, როდესაც სავიზო რეჟიმი შეზღუდულია, რუსეთის მსხვილი ტუროპერატორები კოტრდებიან და ქვეყანაში კრიზისია”, - ამბობს ზაუტაშვილი.

- ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მგზავრთა ნაკადი 46%-ით გაიზარდა...

- ეს არის სრული სიცრუე, მგზავრთა ნაკადი არ გაზრდილა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ბიუჯეტში არც ერთი ლარი არ შესულა. პირდაპირ იხეირეს რუსულმა კომპანიებმა. მათ ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხის ხარჯზე ამდიდრებენ. ქალაქები დაემატა, მაგრამ გაუგებარია იქაც რატომ არ დაწესდა სიხშირეთა რაოდენობა და პარიტეტი, რატომ მოხსნეს შეზღუდვა? რატომ ვერ შეძლო ზურაბ აბაშიძემ კარასინთან მოლაპარაკებებისას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხის გატანა? ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მიზანმიმართული ქმედება ქართული კომპანიის გასაკოტრებლად. მოვითხოვთ, ამ საკითხის განხილვას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში. რუსული ავიაკომპანიების ექსპანსიით უნდა დაინტერესდნენ ჩვენი დეპუტატებიც. შემდგომში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, საერთოდ ღირს თუ არა ამ სივრცეში საქმიანობა.

ამ დროისთვის ”ჯორჯიან ეარვეისი” მოსკოვში ყოველდღე დაფრინავს, ზოგჯერ დღეში ორჯერაც. 10 აპრილიდან რეისებს ასრულებს პეტერბურგის მიმართულებითაც და მალე ამ ქალაქებს სამარაც დაემატება. რაც შეეხება რუსულ კომპანიებს, ამ დროისთვის საქართველოში შემოსულია ”აეროფლოტი”, ”სიბირი”, ”ტრანსაერო”. ზაუტაშვილის ინფორმაციით, შემოსასვლელად ემზადება რამდენიმე ავიაკომპანია - ”რასია”, ”გლობუსი”, ”იუთეარი”, ჯამში, 12 ავიაკომპანია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”