2015 წელს სახელმწიფომ აგროდაზღვევის პრემიის თანადაფინანსება 33%-ით შეამცირა

"სახელმწიფო ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებაზე"

გასულ წელს, სახელმწიფომ პირველად აამოქმედა აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც ფერმერებისთვის აგრორისკების 95%-მდე თანადაფინანსებას ითვალისწინებდა. ამისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

რამდენად გამართლდა სუბსიდირების პროგრამასთან დაკავშირებით არსებული მოლოდინი, ამის შესახებ პასუხი მაისში გახდება ცნობილი. მანამდე კი bpn.ge  USAID-ის "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G)-ის ფინანსებთან ხელმისაწვდომობის პოლიტიკის მრჩეველს, ილია გოგიჩაიშვილს ესაუბრა.

- რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები? როგორ შეაფასებთ შარშანდელი აგროდაზღვევის შედეგებს?

- აგროდაზღვევა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც კი სუბსიდირებულია. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის, სექტორში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა დადებითად აისახება სასოფლო სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ მოსახლეობაზე. 2014 წელს აგროდაზღვევის პროექტით ბევრმა ბენეფიციარმა ისარგებლა და მიიღო სარგებელი. 2015 წელს მოხდა პროექტის მოდიფიკაცია 2014 წლის საპილოტე პროექტში მიღებული გამოცდილებების გათვალისწინებით. ეს არის მუშა პროცესი, რადგან საქართველოში აგროდაზღვევა ფაქტიურად არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ აგროდაზღვევის სუბსიდიის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და სახელმწიფო ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებაზე.

- რა ცვლილებებია მიმდინარე წლის აგროდაზღვევის პროექტში?

- 2014 წელს პროექტისთვის თავდაპირველად გამოყოფილი იყო 5 მილიონი ლარი, თუმცა წლის ბოლომდე ეს თანხა 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2015 წელს სახელმწიფო სუბსიდიის თანხა თავიდანვე 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. შარშანდელ პროექტში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები. კერძოდ, დასაზღვევი ფართობის ლიმიტი 5 ჰექტრამდე (15 ჰექტრამდე-ხორბლის მწარმოებლებისათვის) განისაზღვრა, შემუშავდა აგროვადები. რისკის გათვალისწინებითაც ხდება დაზღვევა და შემუშავდა ზარალის შეფასების საერთო სტანდარტები პროექტში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანიისათვის. შარშან სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა პოლისის ღირებულების 93%. თუმცა, 2015 წელს სახელმწიფო სუბსიდიის თანხა შემცირდა და შეადგინა საშუალოდ პოლისის ღირებულების 60%, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, უფრო ეფექტურად გადაანაწილოს შეზღუდული რესურსი. რა თქმა უნდა, წელსაც აგროდაზღვევის პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში ვრცელდება.

- რა ფორმით მონაწილეობს G4G აგროდაზღვევის განვითარებაში?

- G4G ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის წარმოებას, რათა სახელმწიფო პოლიტიკა მაქსიმალურად მორგებული იყოს კერძო სექტორის საჭიროებაზე. მაგალითად, 2015 წლის 10 თებერვალს G4G-ის მხადაჭერით გაიმართა კონფერენცია "სასოფლო-სამეურნეო დაზღვევა საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები," სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეაჯამეს 2014 წლის აგროდაზღვევის პილოტური პროექტის შედეგები და იმსჯელეს 2015 წლის პროექტის შესახებ. სწორედ ამ დისკუსიის შედეგად, 5 ჰექტრიდან 15 ჰექტრამდე გაიზარდა ხორბლის დასაზღვევი ფართობის მოცულობა... ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრძელვადიანი სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის სქემისა და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვმონაწილეობთ. ვაპირებთ გავაკეთოთ შეთავაზებული აგროდაზღვევის მოდელის რეგულაციების ზეგავლენის შეფასება, რაც დაეხმარება საქართველოს მთავრობას, მიიღოს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება ახალი აგროდაზღვევის მოდელის შემუშავების პროცესში.

სალომე გოგოხია