ნოდარ ხადური აშშ-ში შეხვედრებს მართავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ICT-ის ჯგუფის (Global Practice) დირექტორ პიერ გიუსლაინთან, ასევე გლობალური ინფრასტრუქტურის ინსტრუმენტის (Global Infrastructure Facility) ხელმძღვანელ ჯორდან შვარცთან.

უწყების ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ICT-ის ჯგუფის დირექტორთან გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მათივე განმარტებით, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ICT-ის ჯგუფის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან ფუნქციას გლობალურ სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში და გამოითქვა სურვილი, მსოფლიო ბანკის აღნიშნული ჯგუფი უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში.

რაც შეეხება გლობალური ინფრასტრუქტურის ინსტრუმენტის ხელმძღვანელთან შეხვედრას, მხარეებმა ისაუბრეს GIF-ის მიერ საქართველოში დასაფინანსებელი პოტენციური პროექტების შესახებ. როგორც GIF-ის ხელძღვანელმა აღნიშნა, ისინი მზად არიან განიხილონ პროექტები, რომელიც მიწოდებული იქნება ქართული მხარის მიერ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იქნება იმ ქვეყნებს შორის, სადაც GIF-ის მიერ პროექტები განხორციელდება. ფინანსთა მინისტრმა კი მომავალი თანამშრომლობის კუთხით სრული მზადყოფნა დააფიქსირა. კიდევ ერთი შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართველ თანამშრომლებთან გამართა, სადაც ისაუბრეს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე და მთავრობის მიერ ეკონომიკის სტაბილიზაციისა და განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე.