ფინანსთა მინისტრის მოადგილე: Fitch-მა არა რეიტინგი, არამედ მხოლოდ პერსპექტივა შეგვიცვალა

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-მა არა რეიტინგი, არამედ მხოლოდ პერსპექტივა შეგვიცვალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურით შეცვალა.

"Fitch-მა რეიტინგი არ შეგვიცვალა. შეგვიცვალა მხოლოდ პერსპექტივა და მის ანგარიშში ცალსახად არის ის მიზეზები, რის გამოც ეს მოხდა. ეს არის გარე შოკები. საუბარია რუსეთის ფაქტორზე, ჩვენი მეზობლების ეკონომიკის შემცირებაზე და ასევე ნავთობის ფასის შემცირებაზე", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Fitch Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში BB-ის დონეზე დაადასტურა. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეცვალა და საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში BB-ის დონეზე დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, Fitch-მა დაადასტურა ქვეყნის "ჭერი" - BB-ის დონეზე, ხოლო მოკლევადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში - B-ის დონეზე.