ფინანსთა სამინისტრო "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობამ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მორიგი პაკეტი დაამტკიცა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც მიმართულია სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისკენ, ჯარიმებისა და სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისკენ.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2015 წლის 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თავისუფლდება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის, წარდგენის/გამოცხადების/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წარდგენას და გაფორმებას.

"ჩვენ შევისწავლეთ ავტოიმპორტიორთა პრობლემა, რომლებსაც ძირითადად, საგარეო ფაქტორების გამო შეუმცირდათ ექსპორტის მოცულობა აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელებულიყო განბაჟების ვადები, ასევე ჩამოგვეწერა ის ჯარიმები და საურავები, რომელიც დარიცხული აქვთ ავტო იმპორტიორებს, იმის გამო, რომ მათ დადგენილ ვადაში დროულად ვერ მოახდინეს ავტომობილების განბაჟება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას: ფიზიკური პირის მიერ ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა; ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად არსებული 20 პროცენტისა; არარეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად არსებული 10 პროცენტიანი განაკვეთისა.

ასევე, გათვალისწინებულია ცალკეული საგადასახადო სანქციების შემსუბუქება კერძოდ: გადასახადის ვადაში გადაუხდელობისათვის არსებული საურავი 0.06 პროცენტისა, მცირდება 0.05 პროცენტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად, პირი დამატებით დაჯარიმდება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. ამასთან, დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად; აღურიცხავი საქონლის გამოვლენისთვის სანქცია მცირდება ამ საქონლის ღირებულების 50 პროცენტამდე, ნაცვლად არსებული 100 პროცენტისა.

ცვლილებების ნაწილი ბიზნესთან კონსულტაციისა და მათი წინადადებების გათვალისწინებით მომზადდა. საგადასახადო კოდექსში მომზადებული აღნიშნული ცვლილებების პაკეტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანოს მიერ ცვლილების დამტკიცების შედეგად, ჩვენს თანამოქალაქეებს და ბიზნესსექტორს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი, ცვლილებები ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.