დევალვაციამ ოჯახის ხარჯი 70-100 ლარით გაზარდა

ბოლო სამ თვეში 1 ჩვეულებრივი ოჯახის საშუალო ხარჯი თვეში დაახლოებით 50-70 ლარით გაიზარდა.

იმათ კი, ვისაც სესხი დოლარში ჰქონდა, ყოველთვიური ხარჯი 100 ლარით და მეტით მოემატა. ასეთ მცირე პერიოდში ამხელა ცვლილება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ადამიანებისთვის. მორიგ გაძვირებას, სავარაუდოდ, ბევრი ოჯახი ვეღარ გაუძლებს.

იანვრიდან მოყოლებული, უბრალო მომხმარებლისთვის თითქმის ყველაფერი გაძვირდა: საკვები, მედიკამენტები, საწვავი, ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი, კომუნალური გადასახადების ნაწილი. ადამიანებს შემოსავალი თვიდან თვემდე აღარ ჰყოფნით. ლარის დევალვაცია უფრო მძიმედ იმ ადამიანებზე აისახა, ვისაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვს. მათი ყოველთვიური ხარჯი მკვეთრად გაიზარდა. ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 9,9%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,50 პროცენტული პუნქტით აისახა (ალკოჰოლურ სასმელებზე ფასები 9,7%-ით გაიზარდა, თამბაქოს ნაწარმზე კი 9,9%-ით).

ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია, თუმცა სავაჭრო ქსელში ფასი უფრო მეტადაა გაზრდილი. სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა სახის ნაწარმი გაძვირებულია. მაგალითად, ზეთზე ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში, საშუალოდ, 50 თეთრით მოიმატა, 25-30 თეთრით არის გაძვირებული შაქარი, წიწიბურა, ბურღულეული. ასევე გაზრდილია ტკბილეულის, ყავის, მარილის, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების ფასი. გარდა ამისა, მარტიდან მოყოლებული გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც, ხოლო უფრო ადრე თამბაქო, რაც აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება. სულ ცოტა 20%-ით არის გაზრდილი არყისა და ლუდის ფასი. 10-20 თეთრითაა გაძვირებული ”კოკა-კოლას” ყველა სახის პროდუქცია.

ბოლო დროს გაძვირდა ხილ-ბოსტნეულიც. იმპორტირებული წვრილი პომიდორი, რომელიც 1 თვის წინათ 3,5 ლარი ღირდა, ახლა 4,5-5 ლარი ღირს. გაზრდილია კიტრის ფასიც, ასევე გაძვირებულია ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, კომბოსტო, ვაშლი და კარტოფილი. ყველა ამ პროდუქტზე ფასნამატი დაახლოებით 20-40 თეთრია. ყველაზე თვალში საცემი მაინც მედიკამენტების ფასის ზრდაა. ბოლო 2 თვეში წამლები დაახლოებით 20-30%-ით გაძვირდა.

ბოლო პერიოდში გაძვირდა ინტერნეტი და ინტერნეტ-ტელევიზიაც, რაც კომპანიებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობით და შესაბამისად, ლარის დევალვაციით ახსნეს. მარტიდან ”სილქნეტის” ახალი სატარიფო პოლიტიკით მომხმარებელს (სილკ ოპტიკი) სტარტ პაკეტის ღირებულების 20 ლარის ნაცვლად, 26 ლარის გადახდა უწევს. 5 მბ/წმ-ის მაგივრად ახალი პაკეტის სიჩქარე 10 მბ/წმ-იანი გახდა. DSL ინტერნეტის სტანდარტული პაკეტის ღირებულება 37 ლარი იყო. ახალი ტარიფით კი იგივე პაკეტი 45 ლარი ღირს. იმავე პერიოდიდან ცვლილება შეეხო ”სილქ ტვ”-ისაც, 15-ლარიანი სტანდარტული პაკეტი 20 ლარი გახდა, თემატური პაკეტების ღირებულებაც 5 ლარით გაიზარდა.

”სილქნეტის”  პარალელურად, ტარიფები გაზარდა ”კავკასუს-ონლაინმაც”. კერძოდ 2-დან 5 ლარამდე გაძვირდა როგორც ინტერნეტი, ისე ტელევიზიის და ინსტალაციის საფასური, თუმცა სიჩქარე არ შეცვლილა. საბოლოო ჯამში, იმ ოჯახებს, ვისაც ინტერნეტი და ტელევიზია აქვთ, ყოველთვიური ხარჯი, საშუალოდ, 8-დან 15 ლარამდე გაეზარდათ.

ფასის ზრდა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მტკივნეულად იგრძნო. გაძვირებულმა პროდუქციამ კი მოსახლეობის ხარჯი 50-დან 70 ლარამდე გაზარდა. ლარის დევალვაცია უფრო მძიმედ იმ ადამიანებზე აისახა, ვისაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვს. მათ ყოველთვიური ხარჯი 100 ლარით და მეტით მოემატათ.

ანალიტიკოს ნოდარ კაპანაძის გათვლით, ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობას სურსათის ხარჯი დაახლოებით 40-45 ლარით გაეზარდა. მართალია, ”საქსტატის” მონაცემებით, 6%-ით გაძვირდა სამედიცინო ხარჯი, თუმცა როგორც კაპანაძე აცხადებს, გაძვირებულმა მედიკამენტებმა მოსახლეობას სამედიცინო ხარჯი გაცილებით მეტად დაუმძიმა.

”შეიძლება ვთქვათ, რომ საერთო ჯამში, ლარის დევალვაციამ ერთი შინამეურნეობის ხარჯი მინიმუმ 50-დან 70 ლარით გაზარდა, მაგრამ აქ ერთი რამ აშკარაა - ფასების დინამიკა ვალუტის დევალვაციას ნამდვილად არ მოჰყვება. ოფიციალურად ინფლაცია 2,7%-ია, ლარი კი კი უფრო მეტადაა დაცემული. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ლარის დევალვაცია აშკარად ხელოვნურად მოხდა. ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ისინი დააზარალა, ვისაც კრედიტი დოლარში ჰქონდა აღებული. მდიდრებს კურსის ცვლილება არ შეხებია, პირიქით, მათ შეიძლება სარგებელიც კი ნახეს. საერთოდაც, კრიზისის დროს, მდიდარი უფრო მდიდრდება, ღარიბი კი უფრო ღარიბდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც”, - დასძინა კაპანაძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”