ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი და IFC საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას აგრძელებენ

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი განაგრძობენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ცნობით, საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების განხორციელება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტმა, დიმიტრის ციცირაგოსმა ვაშინგტონში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, IFC-ის მიერ ქვეყანაში გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების შესახებ. შეხვედრისას, ხაზი გაესვა ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით IFC წარმატებით თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, ასევე გამოითქვა დაინტერესება, გაიზარდოს IFC-ის მხარდაჭერა ეკონომიკის რეალურ სექტორში.

როგორც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისათვის და კორპორაცია განიხილავს დამატებითი პროექტების მხარდაჭერის შესაძლებლობას.

უწყების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტაბებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, კაილ პიტერსთან და ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით ლორა თაკთან. "შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია და აღნიშნული სტრატეგიული მიმართულების გაძლიერებისთვის გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს სრული მხარდაჭერა მომავალი თანამშრომლობის კუთხით და აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეფორმების და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას", - ნათქვამია განცხადებაში.