რა ქონებას ფლობს ნოდარ ჯავახიშვილი

მინისტრი, რომელსაც არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრად ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. ამ პოსტზე მან დავით შავლიაშვილი შეცვალა. დავით შავლიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება თვითონ დაწერა და მისი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.  შავლიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ხმები არაერთხელ გავრცელდა. რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, რომ ის სამსახურში ავადმყოფობის გამო ვერ დადიოდა და მკურნალობას გადიოდა. ინფორმაცია ავადმყოფობის შესახებ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

Ambebi.ge ახალი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა. ჯავახიშვილი წარსულში "ქართუ ბანკის" პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი დავით შავლიაშვილის მოადგილედ დაინიშნა.  ჯავახიშვილს ბოლო დეკლარაცია 2015 წლის 26 იანვარს აქვს შევსებული. უცნაურია, მაგრამ ნოდარ ჯავახიშვილის ქონებრივი დეკლარაცია საკმაოდ მშრალია. თუ მისი დეკლარაციით ვიმსჯელებთ, მას არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს.

ნოდარ ჯავახიშვილი ფლობს 1000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს მცხეთაში.

საბანკო ანგარიშების გრაფაში მითითებული აქვს, რომ 3 360 ლარი (+კრედიტი) რაოდენობის საპენსიო ანგარიში აქვს "ლიბერთი ბანკში".  სახელფასო ანგარიში აქვს "თი ბი სი" და "ქართუ" ბანკში. "თი ბი სი " ბანკის ანგარიშზე მას 3 465 ლარი (კრედიტი +), ხოლო "ქართუ" ბანკში 7 617 ლარი (კრედიტი +) აქვს. მას კიდევ ერთი ანგარიში აქვს "ქართუ ბანკში". მიმდინარე ანგარიშზე ჯავახიშვილს 56.56 ლარი (კრედიტი +) ერიცხება.

გრაფაში, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული თანხა, რომლის რაოდენობაც 4000 ლარს აღემატება, ჯავახიშვილს მითითებული აქვს, რომ ის ფლობს 30 000 ლარს და 10 000 დოლარს.

2014 წელს "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობის სანაცვლოდ მიღებული აქვს 129 435 ლარი, ხოლო "ქართუ ჯგუფში" იგივე თანამდებობაზე მუშაობის სანაცვლოდ მიღებული აქვს 21358.70 ლარი. რაც შეეხება მის მიერ გაწეულ ხარჯებს, მას დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 3 200 ლარი გადახდილი აქვს სწავლაში, 3 811 ლარი - მგზავრობაში და 50 000 ლარის შემოწირულობები.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE