თბილისის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დედაქალაქის მთავრობამ დღეს დაამტკიცა.

მერიის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფონდ "ქართუს" მიერ გრანტის სახით გამოიყო. 6 მილიონი ლარი კი დინამოს სტადიონის რეაბილიტაციას მოხმარდება. 10 მილიონიანი გრანტის ფარგლებში დედაქალაქის მერია სხვადასხვა სპორტულ ობიექტებთან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. შეიძენს პროექტებსა და საექსპერტო მომსახურებას, ასევე, პროექტების განხორციელების მომსახურებას. გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების - კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის, ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის, კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის, "ჩოგბურთის განვითარების" ელექტროენერგიის სიმძლავრეების გაზრდა. პროექტის განხორციელების სავარაუდო თანხა 340 000 ლარს შეადგენს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ასევე განხორციელდება ბელიაშვილის ქუჩიდან ძიუდოს ფედერაციის ცენტრალური შესასვლელის კეთილმოწყობა და შიდა ეზოში ორგანული ნარჩენისაგან ნიადაგის საფარის დაგება. პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია 30 000 ლარი. 96 329 ლარია გათვლილი ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ეზოს შესასვლელამდე ასფალტის საფარის დასაგებად. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის უკანა შესასვლელთან ასფალტის საფარის დაგებისათვის განსაზღვრულია 7 341 ლარი. გრანტის ფარგლებში მოხდება თბილისის ზღვის გარშემო გზის ასფალტის საფარის კაპიტალური შეკეთება, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის 75 000 ლარი, პროექტის განსახორციელებლად კი 5 304 879 ლარია განასზღვრული. ოლიმპიური ფესტივალისთვის განხორციელდება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება გზის საფარი და ავტოსადგომი, რისთვისაც 1 150 000 ლარია განსაზღვრული. 14 000 ლარამდე დაიხარჯება მიხელ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის გაზმომარაგების გარე ქსელის მოწყობისათვის. განხორციელდება ჩოგბურთის კორტებთან გაზმომარაგების, საკანალიზაციო და გარე ქსელის მოწყობა, რომლისთვისაც 39 500 ლარია განსაზღვრული. ასევე მოხდება ე.წ. დიღმის ჭალების მიმდებარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 25 000, პროექტის განსახორციელებლად კი 690 355 ლარია განსაზღვრული. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა, რომელზეც 604 596 ლარი დაიხარჯება. გრანტის ფარგლებში მოეწყობა ოლიმპიური სოფლის კანალიზაციის გარე ქსელი, რომლისთვისაც 1 000 000 ლარია განსაზღვრული. სავარაუდოდ, 623 000 ლარი დაიხარჯება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მრავალფუნქციური სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის გარე კომუნიკაციების - წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად. 13 ობიექტზე სამუშაოები ეტაპობრივად ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე დასრულდება.

რაც შეეხება დინამო სტადიონის რეაბილიტაციას, დამატებით გამოყოფილი თანხით განხორციელდება "დინამო არენას" სკამების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება, ასევე, ჰიდროიზოლაცია და შეღებვა, რისთვისაც 4 339 143,41 ლარია გამოყოფილი. ამასთან, დაგეგმილია გადახურვის კონსოლურ ელემენტებს შორის ნალესის მოხსნა, კონსოლის ქვედა სიბრტყის შეღებვა და I და II იარუსის კიბის შუბლების მონიშვნა, რაზეც 237 778 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, ოთხი ტემპერატურული ნაკერის ქვეშ მდებარე ე.წ. სქაიბოქსების გადახურვის ნაწილობრივი ჰიდროიზოლაცია განხორციელდება, რისთვისაც 41 762,92 ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია, ასევე, უეფას ოფისების კეთილმოწყობა, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება გამაგრებითი სამუშაოების მესამე ეტაპი, რისთვისაც 704 304 ლარია გამოყოფილი. გასახდელების განყოფილებასა და VIP ლოჟაში უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, ელექტროგაყვანილობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია და სახანძრო სიგნალიზაცია, რაზეც 577 011 ლარი დაიხარჯება.