გაძვირდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა?

"ეს ავტობუსები "მოსიარულე ხიფათია"

დედაქალაქის მერია ე.წ. ყვითელი ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას გეგმავს. როგორც bpn.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ავტობუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება, თუმცა კონკრეტულად როდის გამოჩნდება თბილისის ქუჩებში იაპონური ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები, ამის შესახებ ინფორმაციას მერიაში არ აკონკრეტებენ. ქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ კომფორტული ავტობუსების შემოყვანის მიუხედავად, მგზავრობის საფასური არ გაძვირდება. განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალი ტრანსპორტის შემოყვანის პარალელურად, მერია მგზავრობის 20 თეთრით გაძვირებას გეგმავს. მართალია, ჰიბრიდული ავტობუსები ჯერ არ გამოჩენილა თბილისის ქუჩებში, თუმცა, მერიამ ყვითელი ავტობუსების ბედი უკვე გადაწყვიტა. როგორც ნარმანიას უწყებაში ამბობენ, ძველი ავტობუსები პერიფერიების მიმართულებით იმოძრავებენ.

bpn.ge-სთან საუბარში საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, გაძვირდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური და კონკრეტულად როდის გამოჩნდება ახალი ავტობუსები თბილისში, თუმცა, მიიჩნევს, რომ იაპონიის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მცირე რაოდენობის ავტობუსის შეძენა იქნება შესაძლებელი. "თბილისის მერიის წლევანდელ ბიუჯეტში ავტობუსების შესაძენად თანხა გამოყოფილი არ არის. ამიტომ, რის ხარჯზე აპირებს მერია ახალი ავტობუსების შეძენას, ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩემი ვარაუდით, იაპონიის მიერ გამოყოფილი გრანტით მხოლოდ 7-8 ავტობუსის შეძენა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ყვითელი ავტობუსების პერიფერიებში გადანაწილებას, ყველას ვურჩევ, მანამდე ამ ავტობუსების მუხრუჭები შეამოწმონ. რადგან ზოგიერთ ავტობუსში ჩასხდომაც კი არ შეიძლება, იმდენად სახიფათოა. პრაქტიკულად, ეს ავტობუსები "მოსიარულე ხიფათია", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

სალომე გოგოხია