საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის წარმატებულ მოდელს მოლდოვაშიც დანერგავენ

საქართველოს ეროვნულ ბანკს მოლდოვას ეროვნული ბანკის დელეგაცია, ბანკის ვიცე-პრეზიდენტის აურელიუ ცინცილეის ხელმძღვანელობით ეწვია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მონახულება და ეროვნული ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა. მათივე ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთია, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა სტუმრებს საკასო ცენტრის სპეციალიზირებული შენობა დაათვალიერებინა და იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელიც ამ ნაგებობას გააჩნია. "ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის წარმომადგენლები მოლდოველ კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას საკასო ოპერაციების და უსაფრთხოების ნორმების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, რომელიც დაეხმარება მათ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომლობა საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ბანკებს შორის 2012 წელს გაფორმებული ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას და ერთმანეთისათვის წარმატებული გამოცდილების გაზიარებას.

განხორციელებული რეფორმების გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე სტუმრობდნენ აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა.